დიდი დაბრუნება – ეს შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკულ პოლიტიკაში შეძლო. თანაც ის არა უბრალოდ მაღალ თანამდებობას, არამედ პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან პოსტს, ამერიკის პრეზიდენტობას დაუბრუნდა. 78 წლის მილიარდერი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ გაუძღვება ზესახელმწიფოს, თანაც ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომლის მსგავსი „ცივი ომის“ შემდეგ არ გვინახავს.
პრეზიდენტი ტრამპი გლობალურ ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უცნაური ფიგურაა. მის პიროვნულ თვისებებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ თავდაჯერებულობა, რომელიც სითავხედესაც კი შეიძლება შევადაროთ, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ თავდაჯერებულობითა და საკუთარ თავზე უდიდესი წარმოდგენებით ტრამპი ჯერ მილიარდერი გახდა, შემდეგ კი - ამერიკის პრეზიდენტი. მისი კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის ჯერ კიდევ პოლიტიკაში გამოჩენამდე სახალხოდ ცნობილი იყო, როგორც წარმატებული ბიზნესმენი და მედიაფიგურა.
ამჯერად დეტალურად მოგიყვებით ტრამპის ცხოვრების, ბიზნესის, კარიერისა და სამომავლო გეგმების შესახებ, საუბარი კი მისი ცხოვრების ადრეული წლებით უნდა დავიწყოთ.
ბავშვობა და განათლება
დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი, ფრედ ტრამპი, წარმატებული მეწარმე იყო, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე თავის დამკვიდრება და იმ ფუნდამენტის შექმნა შეძლო, რომელზედაც ახლა უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერია დგას.
სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ტრამპი ლიდერობისაკენ იყო მიდრეკილი, თუმცა მას ბავშვობიდანვე ახასიათებდა დაუმორჩილებელი და ემოციური ქცევა. მის მოსარჯულებლად, ოჯახის წევრებმა დონალდის სამხედრო აკადემიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც ის სამხედრო დისციპლინას და სამუშაო ეთიკას დაეუფლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ტრამპმა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ის აკადემიური მისწრებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. საერთოდაც, ტრამპი არ არის კლასიკური ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც პლანეტის საუკეთესო უნივერსიტეტი დაამთავრა და ეკონომიკაში, საჯარო პოლიტიკაში ან სამართალში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ის უფრო მეტად თვითნასწავლი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის მართვას ისევე უყურებს, როგორც ბიზნესს.
ბიზნესი და კარიერა
სადაც ბიზნესი ვახსენეთ, იქვე საუბარი სწორედ ამ თემით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ტრამპის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი ბიზნესია. მოგეხსენებათ, ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პრეზიდენტია, რომლის ქონების შეფასება 7.5 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ მისთვის პრეზიდენტის ხელფასი უბრალო ხურდა ფულია და ის ამ პოზიციის დაკავებისთვის მხოლოდ ძალაუფლებისა და პრესტიჟის გამო იბრძვის.
ტრამპმა პირველი ბიზნესი მამამისის დახმარებით წამოიწყო და ის ნიუ-იორკის გარეუბნებში კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს უკავშირდებოდა. რამდენიმე წელიწადში ტრამპმა მანჰეტენის ცენტრში მიწის შეძენა და იქ Trump Tower-ის აშენება შეძლო, რომელიც 200 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენია და ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დღეისათვის მანჰეტენი პლანეტის ყველაზე პრესტიჟული და ძვირად ღირებული უბანია, სადაც ტრამპის ქონების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ, ტრამპმა გასართობი ცენტრების, სასტუმროების, გოლფის მოედნებისა და სამორინეების მშენებლობა დაიწყო და დღეს ტრამპის ძირითად ბიზნესს სწორედ ზემოხსენებული აქტივების ოპერირება წარმოადგენს.
ბოლო დროს ტრამპი ტექნოლოგიურ ბაზარზეც შევიდა და საკუთარი სოციალური ქსელი - Truth Social-ი შექმნა, რომელიც, იდეაში, Twitter-ის ანალოგი უნდა ყოფილიყო, თუმცა უფრო მეტად მის პერსონალურ ბლოგად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ Truth Social-ს თითქმის არავინ იყენებს, მისი მფლობელი კომპანიის საბაზრო შეფასება 9 მილიარდ დოლარს აღწევს, რომლის უმსხვილესი აქციონერი თავად ტრამპია.
ბიზნესთან ერთად, ტრამპი აქტიურად იყო ჩართული სატელევიზიო პროექტებსა და შოუებში, მათ შორის მთავარი იყო The Apprentice-ის სახელით ცნობილი გადაცემა, რომელმაც ტრამპს უდიდესი პოპულარობა მოუტანა და არ არის გამორიცხული, მისი გაპრეზიდენტება სწორედ ასეთი ცნობადობით ყოფილიყო განპირობებული.
პრეზიდენტობის პერიოდი
ტრამპის პირველი საპრეზიდენტო პერიოდი 2017-2021 წლებს მოიცავდა და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული და განხეთქილებებით აღსავსე ეპოქა იყო თანამედროვე ამერიკის ისტორიაში. ტრამპი რადიკალურად განსხვავდებოდა ტრადიციული პოლიტიკოსებისგან, რადგან ის პოლიტიკოსი უბრალოდ არ იყო. მან აგრესიული პოპულისტური კამპანია აწარმოვა და საზოგადოებაში ამერიკის დიდებულების დაბრუნების ნარატივი შექმნა. მისი ძირითადი ხედვა ეკონომიკური ზრდის წახალისებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ამერიკის დაწინაურებაზე იყო ორიენტირებული.
მისმა ადმინისტრაციამ შეამცირა გადასახადები და გაამარტივა რეგულაციები, რაც კორპორაციული სექტორისა და საფონდო ბირჟისათვის დადებითი გავლენის მომტანი იქნა, თუმცა ტრამპის პოლიტიკას არ აკლდა კრიტიკაც, რადგან ის მდიდარ ელიტასა და მსხვილ კომპანიებზე იყო მორგებული.
ერთ-ერთი ყველაზე სადავო გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა მიიღო, იმიგრაციის კონტროლის გამკაცრებას და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას უკავშირდებოდა. ამან საკმაოდ დიდი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან ერთ მხარე მიიჩნევდა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო უსაფრთხოებისათვის, ხოლო მეორე მხარე ამას ხედავდა, როგორც ქსენოფობიური პოპულიზმის აღზევებას.
ტრამპის პოლიტიკა და სტრატეგია
ზოგადად, დონალდ ტრამპის ხედვა ორიენტირებულია ამერიკის შიდა პოლიტიკის გაძლიერებაზე. მისი ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ადგილობრივი წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. ის ასევე მხარს უჭერს ამერიკული პროდუქციის წარმოების აღორძინებას, რაც მისი კამპანიის, America First-ის საკვანძო ნაწილია.
ტრამპის საგარეო პოლიტიკა დამყარებულია იმ მარტივ პრინციპზე, რომ ამერიკა ყოველთვის და ყველგან პირველი უნდა იყოს. მისთვის პრიორიტეტულია სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და მექსიკა. მოგეხსენებათ, ჩინეთთან „სავაჭრო ომი“ სწორედ ტრამპმა დაიწყო და მას შემდეგ სანქციებითა თუ ტარიფებით ერთმანეთის დასჯა პეკინსა და ვაშინგტონს შორის არ შემწყდარა. სავარაუდოდ, ტრამპის ხელახლა არჩევით ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.
ტრამპის სტრატეგიაში საკვანძო როლი აქვს თავდაცვის გაძლიერებასაც, როგორც რესპუბლიკელი, ის მიიჩნევს, რომ ამერიკის არმია ყოველთვის უკონკურენტოდ ძლიერი უნდა იყოს, თუმცა მას აუცილებლად არ მიაჩნია NATO-ს წევრი სახელმწიფოების დაცვაზე ამერიკის ბიუჯეტის დახარჯვა. როგორც ტრამპი აცხადებს, საკუთარ უსაფრთხოებას ყველამ თავად უნდა მიხედოს და ამერიკამ სხვა ქვეყნების დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-ჰამასის ჭრილში, რადგან, შესაძლოა, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ორივე მიმართულებით ამერიკის დახმარება შემცირდეს ან საერთოდაც შეწყდეს. ტრამპი ასევე მოითხოვს, რომ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე იმდენი თანხა გამოყონ, რამდენიც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის მთავრობა ქველმოქმედებას დაასრულებს და სხვების უფასოდ დაცვას შეწყვეტს.
რუსეთის საკითხს რაც შეეხება, ტრამპი აცხადებს, რომ ის უკრაინაში ომს ძალიან მალე დაასრულებს, თუმცა როგორ და რანაირად? - ამ საკითხთან დაკავშირებით მილიარდერი პოლიტიკოსი საჯარო განმარტებებს არ აკეთებს.
ტრამპის დაბრუნება პოლიტიკაში
2024 წელს ტრამპი ისევ დაბრუნდა დიდ პოლიტიკაში და ის ხელახლა აირჩიეს ამერიკის 47-ე პრეზიდენტად. მისი ახალი საპრეზიდენტო კამპანია უფრო მეტადაა ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამერიკის ეკონომიკურ გაძლიერებაზე და საერთაშორისო ურთიერთობების რადიკალურად გადახედვაზე. მის სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან წინა საპრეზიდენტო ვადიდან რამე თუ ვისწავლეთ, ისაა, რომ ტრამპისგან ყველაფერია მოსალოდნელი.