მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ენდი ბერნჰემი - დიდი ბრიტანეთის შესაძლო მომავალი პრემიერ-მინისტრი

ენდი ბერნჰემი

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიაში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნა. ანალიტიკოსების შეფასებით კი, ამ სიცარიელის ამოვსების ყველაზე რეალური შანსი მანჩესტერის ყოფილ მერს, ენდი ბერნჰემს აქვს.

პოლიტიკოსის პოზიციების გამყარებას მეიკერფილდის შუალედურ არჩევნებში მოულოდნელი და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებამ შეუწყო ხელი. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ველზე საკმაოდ გაძლიერდა პოპულისტი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის პარტია, შესაბამისად, მისი გუნდის დამარცხება ლეიბორისტების თვალში იქცა სიმბოლოდ, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის გულის ისევ მოგება და ხელისუფლების შენარჩუნება.

თავად ენდი ბერნჰემს პოსტინდუსტრიული ბრიტანეთის ავთენტურ ხმად მიიჩნევენ. ლონდონის პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, მან კარიერის დიდი ნაწილი დედაქალაქში გაატარა. პოლიტიკოსი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის კაბინეტებშიც მუშაობდა.

ბერნჰემს განსაკუთრებული პოპულარობა კორონავირუსის პანდემიის დროს, მანჩესტერის მერის პოსტზე ყოფნისას მოსახლეობის ფინანსური დახმარების საკითხზე იმდროინდელ მთავრობასთან ღიად დაპირისპირებამ მოუტანა. ამ ნაბიჯით მან ჩრდილოეთ ინგლისის ინტერესების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა და "ჩრდილოეთის მეფის" სტატუსიც მიიღო. ანალიტიკოსების შეფასებით, ბერნჰემს ახასიათებს კომუნიკაციის მარტივი სტილი, რაც კირ სტარმერის ტექნოკრატიული მიდგომებისაგან გამოარჩევს და მოსახლეობისთვის ბევრად მისაღებია.

რაც შეეხება ენდი ბერნჰემის პოლიტიკურ ხედვებს, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მას არაერთლ მნიშვნელოვან საკითხებზე საკმაოდ ზოგადი და არაპირდაპირი პოზიცია აქვს, ეს კი მისი შესაძლო მართვის სტილთან დაკავშირებით არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. უცნობია ისიც, თუ რა შეხედულება აქვს მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები