მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერალი, რომელსაც მოსკოვში ესროლეს

ალექსეევი

გუშინ, რუსეთის არმიის მაღალჩინოსანი, გენერალი ვლადიმერ ალექსეევი მოსკოვში, საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს.

64 წლის გენერალ-ლეიტენანტი დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

ალექსეევი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა. ის რიგითი მაღალჩინოსანია იმ სამხედრო პირთა სიაში, რომელთა წინააღმდეგაც, უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვსა და მის შემოგარენში თავდასხმები განხორციელდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარში მყისიერად უკრაინა დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ კიევი ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

ვინ არის გენერალი ალექსეევი?

ალექსეევი უკრაინის ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 2022 წელს, მარიუპოლის ალყის დროს, ის უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

მანამდე, სირიის სამოქალაქო ომში მოსკოვის სამხედრო ინტერვენციაში შეტანილი წვლილისთვის, მას "რუსეთის გმირის" წოდება მიენიჭა. გენერალი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც GRU 2018 წელს სოლსბერიში (დიდი ბრიტანეთი) მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით თავდასხმაში დაადანაშაულეს.

ის ასევე გაგზავნილი იყო მოლაპარაკებებზე "ვაგნერის" დაქირავებულთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რომელმაც 2023 წლის ივნისში ხანმოკლე და სისხლიანი ამბოხი მოაწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ეს ტერორისტული აქტი მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას" ისახავდა მიზნად.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია.

"უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებთ გენერალს გადარჩენასა და გამოჯანმრთელებას. ვიმედოვნებთ, რომ ასეც მოხდება", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წარსულში რუს სამხედრო მაღალჩინოსნებზე ზოგიერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აუღია.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, მოსკოვში 2024 წელს მომხდარი აფეთქების გამო, რასაც გენერალი იგორ კირილოვი ემსხვერპლა, უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს. მაშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებმა დაადასტურეს, რომ თავდასხმის უკან ისინი იდგნენ. კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად GRU-ს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები