მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ?

ბაირუ და მაკრონი

საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დიდი ხნის მოკავშირე, ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დანიშნა. ამ როლზე ფრანსუა ბაირუმ მიშელ ბარნიე შეცვალა, რომელმაც მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა. თავად ბარნიე პრემიერ-მინისტრად ზაფხულის ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაინიშნა, მაგრამ მთავრობა ვერ შეკრა და შესაბამისად, საფრანგეთში არსებული საპარლამენტო კრიზისი გაღრმავდა.

საფრანგეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი ის მოცემულობაა, რომლის გამოვლა ბევრ საპარლამენტო რესპუბლიკას უწევს, რადგან ეს გამოწვევა ამ ტიპის მოწყობის დნმ-ში არის ჩაწერილი. ივნისში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შედეგად, საფრანგეთის 577-წევრიან პარლამენტში ერთბაშად რამდენიმე პოლიტიკური ძალა მოხვდა. ყველაზე მეტი წევრით ეროვნულ ასამბლეაში ულტრამემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტი”, ემანუელ მაკრონის “ერთობა” და მარინ ლე-პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” არიან წარმოდგენილები, მაგრამ უმრავლესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა, შესაბამისად მთავრობის დაკომპლექტებას ერთგვარი კონსენსუსი სჭირდება.

კონსენსუსის მიღწევა, როგორც ჩანს, ცენტრისტ ემანუელ მაკრონს ორიდან ერთ ძალასთან მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი ქვეყნის პრეზიდენტს გულზე დიდად არ ეხატება. გამორიცხული არ არის, რომ მაკრონს ცენტრისტული პოზიციის გაღრმავება და ერთგვარი ორმაგი თამაში უნდოდეს, რითაც არც საკუთარ ცენტრისტულ პოზიციებზე იტყვის უარს და არც რომელიმე რადიკალური პარტიისკენ გადაიხრება ისე, რომ ამომრჩეველმა პროტესტი გამოთქვას. პრემიერ-მინისტრად ორივე მხარეს კარგი კონტაქტების მქონე ფრანსუა ბაირუს დანიშვნა, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს.

როგორც ემანუელ მაკრონის მთავარი მოწინააღმდეგის, მარინ ლე-პენის განცხადებიდან ვიგებთ, ფრანსუა ბაირუს მთავრობას მისი კოალიცია მხარს არ დაუჭერს, რაც გასაგებია, რადგან მარინ ლე-პენის მთავარი მიზანი ქვეყნის პრეზიდენტობაა, რისთვისაც ჯერ მამამისი, მოგვიანებით კი თავად მარინი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ. გამოდის, რომ თუ ემანუელ მაკრონს “ეროვნული გაერთიანების” გვერდის ავლა სურს, სოციალისტების, მწვანეთა პარტიის და კომუნისტების მხარდაჭერა სჭირდება, რომელთაც, ჯამში, 121 პარლამენტარი ჰყავთ. თუ ფრანსუა ბაირუმ ეს მოახერხა, საფრანგეთს ახალი მთავრობა ეყოლება.

ფრანსუა ბაირუ საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსია, რომელსაც ამომრჩეველმა ფრანგული პოლიტიკის “მესამე კაცი” დაარქვეს, რადგან 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა ქვეყნის პრეზიდენტად ნიკოლა სარკოზი აირჩიეს, ბაირუ მემარცხენე და მემარჯვენე კანდიდატებს შორის არსებულ მესამე, ცენტრისტულ პოზიციას ლობირებდა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, ფრანსუა ბაირუ რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. ბოლოს, ბაირუ ერთდროულად იყო, როგორც საფრანგეთის პროექტების დაგეგმვის კომისარი, ასევე ქალაქ პაუს მერი და “ევროპული დემოკრატიული პარტიის” და მისი ფრანგული წევრის, “მოდემის” პრეზიდენტი.

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პირენეს მთებთან ახლოს მდებარე ქალაქ ბორდერესში, მდიდარი ფერმერების ოჯახში დაიბადა. პოლიტიკით ფრანსუა ბაირუ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და 1986 წელს ეროვნული ასამბლეის წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით ევროპულ პარლამენტში მოხვდა და ჯერ ქვეყნის განათლების მინისტრად, ხოლო შემდეგ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტობაც სურდა, რისთვისაც არჩევნებში კენჭი ორჯერ იყარა, მაგრამ დამარცხდა. როგორც ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა ბაირუს 2017 წელსაც სურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კანდიდატურა არ დაასახელა და მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ფრანსუა ბაირუს დანიშვნა ემანუელ მაკრონს ქვეყნისთვის რთულ დროს მოუწოდა. ბიუჯეტის დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკას ამჟამად აწუხებს, რადგან ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაიზარდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის მიერ დაწესებული 3%-იანი სტანდარტი. ეს პრობლემა ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული საპასუხო ქმედებების არსებობის რისკს წარმოშობს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დიდ დარტყმას აყენებს და კაპიტალს აძვირებს, რაც საგარეო სესხის გრძელვადიან პარამეტრებს აუარესებს. პოლიტიკური კრიზისის დროს ინვესტიციები შემცირდა, ეკონომიკური ზრდა შენელდა, ხოლო უმუშევრობა — გაიზარდა.

მთავარი დავალება, რომლის შესრულება ფრანსუა ბაირუს მთავრობას მოუწევს — პარლამენტის მიერ 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება, რაც მისმა წინამორბედმა, მიშელ ბარნიემ ვერ მოახერხა. მემარცხენეები ემანუელ მაკრონის ფინანსურ პოლიტიკას მას შემდეგ აღარ ემხრობიან, რაც გასულ წელს ქვეყანაში საპენსიო ასაკი გაიზარდა, ხოლო მემარჯვენეები, პირიქით, დამატებითი პოპულისტური ზომების მიღებას, მათ შორის პენსიების გაზრდას ითხოვენ. ყველა პარტიას, რასაკვირველია, საკუთარი დღის წესრიგი და ინტერესები აქვს და ახლა, ამ ძალთა ბალანსის გადანაწილება პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მოუწევს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ ეროვნულ ასამბლეაში არც ფრანსუა ბაირუს და მის კაბინეტს ენდობიან, რითაც საფრანგეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ ეს კიდევ ერთხელ მოხდა, გამორიცხული არ არის, ამას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეეწიროს, რომელსაც, წესით და რიგით, პრეზიდენტის პოსტზე ორწელიწადნახევარი კიდევ დარჩა.

როგორც Elabe-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, პრემიერ-მინისტრად მაკრონის ბანაკის წარმომადგენლის ხილვა გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ის სურვილია, როცა გამოკითხულთა 41%-ის შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ ქვეყანას აპოლიტიკური ფიგურა უხელმძღვანელებს. პოლიტიკური კრიზისის მოგვარება გამოკითხულთა 76%-ის სურვილია, ხოლო თავად პრეზიდენტის რეიტინგი 2017 წლის მინიმუმამდე დაეცა და მხოლოდ 21%-ის ტოლია. დრო გვიჩვენებს, უშველის თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ საფრანგეთს და ემანუელ მაკრონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები