მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ და რა მოცულობით ყიდულობს რუსულ ნავთობს?

ნავთობი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ რუსეთ-უკრაინის ომი ორმოცდაათ დღეში არ დასრულდება, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც ამ დრომდე არავის უნახავს.

ამ მხრივ ასევე იგულისხმება 100%-იანი ტარიფის დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობის შესყიდვას და, შესაბამისად, ბიუჯეტში დიდი ფულის შეტანას აგრძელებენ.

რა ტიპის ნავთობს აწარმოებს რუსეთი?

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2024 წლის ივნისში რუსეთის შემოსავალი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან წლიურად თითქმის 14%-ით შემცირდა და $13.5 მილიარდი შეადგინა. ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ნავთობის მოპოვება რუსეთში თითქმის უცვლელი დარჩა და დღეში 9.2 მილიონი ბარელი შეადგინა.

დასავლეთის პორტებიდან, მათ შორის პრიმორსკიდან, უსტ-ლუგადან და ნოვოროსიისკიდან რუსეთი ექსპორტზე უმეტესწილად Urals-ის, Siberian Light-ის და CPC Blend-ის ტიპის ნავთობს უშვებს, როცა არქტიკული ნავთობი ჩრდილოეთში მდებარე მურმანსკის პორტიდან იგზავნება. გარდა ამისა, შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კოზმინოს პორტიდან რუსეთი ექსპორტზე ESPO Blend-ის ტიპის ნავთობს გზავნის, ხოლო სახალინის კუნძულიდან — Sokol-ის ტიპის ნავთობი იგზავნება.

საზღვაო ლოგისტიკური გზების გარდა, რუსეთი ნავთობს კონკრეტულ ქვეყნებს მილსადენებითაც აწვდის — ასეთი ინფრასტრუქტურა რუსეთს ჩინეთთან და ევროპასთან დაკავშირების, მაგრამ სანქციების გამო, ევროპაში რუსულ ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი აგრძელებენ, ისიც საგამონაკლისო წესის მოქმედების ფარგლებში. რუსული მილსადენებით ასევე ხორციელდება ყაზახური ნავთობის ტრანზიტი, რომელიც გერმანიაში ხვდება. რუსული ნავთობი მიეწოდება ასევე მეზობელ ბელარუსს, სადაც ორი ძირითადი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა განლაგებული.

ვინ და რა მოცულობით ყიდულობს რუსულ ნავთობს?

რუსული ნავთობის უმსხვილეს შემყიდველად ჩინეთი რჩება, რაც დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ რუსული საბადოები ჩინეთს პირდაპირ მილსადენებით უკავშირდება. ჩინეთამდე მიწოდება რუსული სკოვოროდინო-მოხეს და ყაზახური ატასუ-ალაშანკოუს მილსადენების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო დანარჩენ საწვავს ჩინეთი პირდაპიდ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებიდან ყიდულობს და ის აზიურ ქვეყანაში ზღვით ჩადის.

ჩინეთის საბაჟო სამსახურის დათვლებით, ყოველდღიურად რუსეთიდან დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნავთობი შემოდის — უმეტესწილად, ესენია ESPO, Sokol-ის და სახალინის ტიპის ნავთობი, მაგრამ ჩინეთი მცირე რაოდენობით ასევე ყიდულობს არქტიკული და Urals-ის ტიპის ნავთობს. Reuters-ის შეფასებით, რუსეთი ჩინეთიდან დღეში დაახლოებით 130 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. მთავარი ჩინური შემსყიდველები სახელმწიფო კომპანიები არიან, მათ შორის CNPC, Sinopec-ი და CNOOC.

რუსული ნავთობის რიგით მეორე უმსხვილესი შემსყიდველი პლანეტის ყველაზე დიდი დემოკრატიული სახელმწიფოა. საუბარი ინდოეთზეა, სადაც განსაკუთრებით პოპულარულია რუსული Urals-ის ტიპის ნავთობი. ინდოეთში 1.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად მოთხოვნა მაღალია და მას ქვეყანა სხვა რუსული ნავთობის იმპორტითაც ავსებს, ხოლო ჯამში, დღიური იმპორტი დაახლოებით 1.8 მილიონ ბარელს შეადგენს. რუსული ნავთობი თითქმის ყველა ინდურ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას მიეწოდება, მათ შორისაა Reliance Industries-ი, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი გადამმუშავებელი კომპლექსი აქვს.

ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ, რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველი საქართველოს მეზობელი თურქეთია, რომელმაც 2024 წლის ივნისში რუსული ნავთობის შესყიდვები წლიურ მაქსიმუმამდე გაზარდა, რაც დღეში 400,000 ბარელის ტოლია. თურქეთში რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა Urals-ის ფასის ვარდნას უუკავშირდება, რადგან აპრილის შემდეგ მისი ფასი სტაბილურად $60-იან ნიშნულზე ქვემოთაა დასტაბილურებული. თურქეთში მთავარი შემსყიდველი STAR-ის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის საკუთრებაა.

ვინ და რა მოცულობით ყიდულობს რუსულ ნავთობპროდუქტებს?

ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი პროდუქტია პლანეტაზე, რომლის გამოყენება უამრავი დანიშნულებით შეიძლება. შედეგად, ნავთობისგან უამრავი პროდუქტი მზადდება, მათ შორისაა დიზელი, ბენზინი, მაზუთი, ვაზელინი და ლიგროინი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გამო, ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვა შეწყვიტეს, რის შემდეგაც რუსეთმა ექსპორტი სამხრეთ ამერიკით ჩაანაცვლა.

დღეს, რუსული ნავთობროდუქტების დიდ შემყიდველებს შორის ბრაზილიას, თურქეთს, განას, ეგვიპტეს, მაროკოს, ტოგოს და ტუნისს ვხვდებით. რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიეწოდება ასევე ე.წ. „მეგობრულ“ ქვეყნებს. მათ შორისაა სირია, რომელიც ახლახან დაიწყო არქტიკული ნავთობისა და საწვავის შესყიდვა, ასევე: პაკისტანი, კუბა, და შრი-ლანკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები