საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" კონსტიტუციურობაზე მსჯელობას ხვალ დაიწყებს.
საუბარია 4 სარჩელზე, (პრეზიდენტი, 32 ოპოზიციონერი დეპუტატი, 122 არასამთავრობო, 2 მედია) რომელიც სასამართლოშია შესული.
"რუსული კანონის" კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობაზე პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით უნდა იმსჯელოს: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.
bm.ge დაინტერესდა როგორია მოსამართლეების გამოცდილება და დეკლარაცია, რომლებიც გადაწყვეტენ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რომლის გამოც საერთაშორისო პარტნიორები თვლიან, რომ საგარეო კურსი შეიცვალა და რომლის გამოც მაღალჩინოსნები "ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის" გამო დაასანქცირეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლით 2020 წელს აირჩიეს. 1999 წელს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და ეს თანამდებობა 2006 წლამდე ეკავა. მაშინ მერაბ ტურავა და კიდევ სამი მოსამართლე თანამდებობიდან გაუშვეს. ამ გადაწყვეტილებას კი ხელი ლევან მურუსიძემ მოაწერა. სასამართლოდან გაძევების შემდეგ, მერაბ ტურავა სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში და საზღვარგარეთ.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2015 წელს ტურავა პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია.
ტურავა დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ ერთ 1489 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2020 წელს გაცვლის სანაცვლოდ აქვს რეგისტრირებული. სხვა უძრავი და მოძრავი ქონება ტურავას დეკლარაციის მიხედვით არ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში სახელფასო სარგოს სახით მიღებული აქვს 138 569 ლარი. თსუ-ში პროფესორის რანგში 13 989 ლარი, პროფესორის რანგშივე რობაქიძის უნივერსიტეტში 36 180 ლარი.
ტურავას 2023 წლის დეკლარაციის შევსების მომენტში ანაბარზე 60 000 დოლარი ჰქონდა. 1 წლის განმავლობაში ტურავამ სრულწლოვან შვილს 6 000 ევრო და 34 000 ლარი აჩუქა. დეკლარაციის შევსების მომენტშივე ტურავას TBC ბანკის შემნახველ ანგარიშზე 50 280 ლარი, 10 002 ევრო და 92 006 დოლარი ჰქონდა.
ევა გოცირიძე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წელს აირჩია. მის დანიშვნას მხოლოდ "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის მიერ მის დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ.
ევა გოცირიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც 2015 წელს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაშინ გოცირიძე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება "სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ" მიიღო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მოსამართლე გოცირიძეს 2017 წელს ინიციატივა ჰქონდა, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა დაწესებულიყო.
რაც შეეხება დეკლარაციას, გოცირიძემ გასულ 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოდან ხელფასის სახით 110 947 ლარი აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, მის საკუთრებაშია:
- 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი უძრავი ქონება, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის ფართიც 20 კვ.მ.-ს შეადგენს.
- 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 კვ. მ.-ის ფართის ბინა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2011 წელს 3 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამბროლაურის რაიონში, სოფელ ხოტევში.
- 2021 წელს, 140 000 აშშ დოლარად მან შეიძინა კომერციული ფართი სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამას ქუჩაზე.
- 2016 წელს 450 223 ლარად შეიძინა ბინა ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 223,75 კვ.მ.
- 2014 წელს, სახელმწიფოს მიერ 1995 წელს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის საბოსტნე მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფარგლებში გარდაბნის სოფელ თელეთში 1300 კვ.მ. ფართობის მიწა მიიღო.
საბანკო ანგარიშებს, „საქართველოს ბანკის“ პირად ანგარიშზე 463 ლარი აქვს, ამავე ბანკის ანაბრის მოცულობა კი 4747,19 ლარია. „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 4 289 ლარი ჰქონდა დეკლარაციის შევსების მომენტში.
გიორგი თევდორაშვილი, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტმა 2021 წელს აირჩია. იქამდე თევდორაშვილი 2019 წელს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
დეკლარაციის მიხედვით, თევდორაშვილი თბილისში 2, ხოლო ბათუმში 1 ბინას ფლობს. ასევე, მას ეკუთვნის 2 მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში. მოსამართლის რანგში თევდორაშვილს მიღებული აქვს 11 770 ლარი და სასამართლოს მდივნის რანგში 1 625 ლარი.
ირინე იმერლიშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ასევე ყოფილი წევრი, ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრია, იუსტიციის ყოფილ გენერალს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა 2020 წელს სურდა. მაშინ, 9 მოსამართლიდან 5-მა თავმჯდომარედ მერაბ ტურავას კანდიდატურა წარადგინა, 4-მა კი, ირინა იმერლიშვილის. პოსტზე მერაბ ტურავა აირჩიეს.
საქართველოში ერთადერთი ქალი გენერალი ერთ-ერთი იყო იმ სამ მოსამართლეს შორის, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს. გასული წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არც მოძრავ და არც უძრავ ქონებას არ ფლობს.
მოსამართლის პოსტზე 2022 წლის განმავლობაში იმერლიშვილმა ხელფასის სახით 11 719 ლარი მიიღო. საქართველოს ბანკში კი, 1 წელში სესხის მომსახურებისთვის 36 606 ლარი გადაიხადა.
გიორგი კვერენჩხილაძე - კვერენჩხილაძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლედ 2016 წელს დანიშნა. იქამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. უფრო ადრე, კვერენჩხილაძე აკადემიურ სფეროში მუშაობდა.
დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს 2014 წელს შეძენილ 2 ბინას თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. მემკვიდრეობით მიღებულ 3 მიწის ნაკვეთს ლანჩხუთში და მცხეთაში, ნავდარაანთკარში 2018 წელს 20 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს.
მოსამართლეს აქვს შემდეგი კრიპტოვალუტები - 2005 Ripple, 10 Litecoin, 10008 AISI Coin.
მოსამართლეობისთვის კვერენჩხილაძემ 1 წელში 122 581 ლარის გასამრჯელო მიიღო.
ხვიჩა კიკალიშვილი - კიკალიშვილი უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წელს აირჩიეს. მაშინ, ხვიჩა კიკალიშვილის არჩევას გამოეხმაურა „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფიც“. ორგანიზაციის თანახმად, ხვიჩა კიკილაშვილი სასამართლოს თავმჯდომარეების იმ „კასტის“ წარმომადგენელია, „რომლებიც დიდი ხანია ქართულ მართლმსაჯულებაში მოსამართლეების პოლიტიკური კონტროლის ფუნქციას ასრულებენ.”
2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, კიკალიშვილი ფლობს ბინებს თბილისსა და ბათუმში. ასევე, ორ საცხოვრებელ სახლს დედოფლისწყაროში და სამ მიწის ნაკვეთს. კიკალიშვილს მოსამართლის რანგში მიღებული აქვს 122 581 ლარის სახელფასო სარგო.
მანანა კობახიძე - ყოფილი დეპუტატი და მმართველი უმრავლესობის პარტიის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, საკონსტიტუციოს მოსამართლედ 2018 წელს აირჩიეს.
დეკლარაციის მიხედვით მანანა კობახიძე ფლობს 2023 წელს 30 000 დოლარად შეძენილ ბინას თბილისში, იგივე წელს, იგივე მისამართზე, ლუქსემბურგის ქუჩაზე შეძენილ 35 000 ღირებულების კიდევ ერთ ბინას, 2017 წელს 70 000 დოლარად შეძენილ საცხოვრებელ სახლს ტაბახმელაში. კობახიძის დეკლარაციაში ვეღარ მოხვდა ქონებები, რომლებსაც მოსამართლეობამდე ფლობდა. 1994 წელს აბაშიძის ქუჩაზე 25 ათას ამერიკულ დოლარად შეძენილი 95,56 მ2 ბინა და 2012 წელს 130 ათას ამერიკულ დოლარად ბერბუკის ქუჩაზე შეძენილი 180 მ2 ფართის ბინა.
მანანა კობახიძემ მოსამართლის რანგში 115 651 ლარი მიიღო ხელფასის სახით.
ვასილ როინიშვილი - მოსამართლე როინიშვილი პროკურორის ყოფილი მოადგილეა, რომლის ერთ-ერთი საქმე როინ შავაძის საქმე იყო. 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო ყოფილი სამხედროს როინ შავაძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ამის შემდეგ დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი ვასილ როინიშვილის, როგორც საქმის ზედამხედველის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას ითხოვდა.
დეკლარაციის მიხედვით, როინიშვილი ფლობს ბინებს ავტოფარეხებით თბილისსა და ბათუმში. ასევე, მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მისი მეუღლე დიანა ცინდელიანი კი, 2024 წელს ცინცაძის ქუჩაზე 142 290 ლარად შეძენილ 81, 64 კვ.მ ბინას.
სახელფასო სარგოს სახით, როინიშვილს 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 127 132 ლარი აქვს მიღებული. მეუღლე, დიანა ცინდელიანი კი, დეკლარაციის მიხედვით რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. თუმცა, შემდეგ როინიშვილმა განმარტა, რომ მეუღლე რუსეთის საჯარო მოხელე აღარ არის.
თეიმურაზ ტუღუში - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.
დეკლარაციის მიხედვით, ტუღუში ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 3 მიწის ნაკვეთს ლანჩხუთში. თბილისში, 2018 წელს 94 000 ლარად შეძენილ ბინას ვერანდით იოსელიანის ქუჩაზე და ორ ავტოფარეხს იმავე მისამართზე.
მოსამართლეს ეკუთვნის 2018 წელს რეგისტრირებული შპს პრომერ-კასა- LTD PROMER-CASA-ს წილის 20%.
მოსამართლის რანგში 1 წელში ტუღუშს მიღებული აქვს 117 191 ლარი. ოჯახი იხდის 3 იპოთეკურ სესხს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეებიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.