მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ იღებს ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან?

ევრო

სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური დახმარება ის ინსტრუმენტია, რომლითაც მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს მსოფლიოში კეთილდღეობის და დოვლათის შექმნა შეუძლიათ.

განვითარებადი სახელმწიფოების დახმარება ერთგვარი მოვალეობაცაა, რომელიც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს კაცობრიობის წინაშე აქვთ.

თუმცა რამდენად კეთილშობილური არ უნდა იყოს ამა თუ იმ დიდი ქვეყნის ლიდერი, სახელმწიფოს მიერ გაცემული ყოველი დაბალპროცენტიანი სესხი თუ გრანტი გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს.

მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედ სახელმწიფოებს შორის სწორედ უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ვხვდებით, რაც ლოგიკური და გასაგებია, რადგან დედამიწის სხვადასხვა წერტილში გზების ასაშენებლად და პოლიტიკური პროცესების მხარდასაჭერად თავისუფალი ფული სწორედ ასეთ მოქმედ პირებს აქვთ. ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების ჩამონათვალში ევროკავშირსაც ვხვდებით, რომელიც, ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, კრიზისთან გასამკლავებლად და განვითარებისთვის პარტნიორ სახელმწიფოებს ასობით მილიარდი ევროთი ეხმარება.

ამ დრომდე, ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას აღმოუჩინა, რაც გასაგებიცაა, რადგან უკრაინა, რომელიც ევროპის უდიდესი ქვეყანაა, ევროკავშირს ესაზღვრება, შესაბამისად ამ ომში უკრაინის გამარჯვება ოცდაშვიდი წევრისგან შემდგარი ორგანიზაციისთვის ეგზისტენციალურ საკითხს წარმოადგენს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირისგან €118 მილიარდი მიიღო, რომელიც ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

უკრაინასთან ერთად, ევროკავშირისგან დიდი მოცულობით დონაციებს სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები იღებენ, რომელთა შორის ვხვდებით, როგორც ნიგერიის, სამხრეთ აფრიკის და კენიის მსგავს შედარებით განვითარებულ სახელმწიფოებს, ასევე განვითარებად ქვეყნებს. აფრიკულ სახელმწიფოებს ევროკავშირი უმეტესწილად სიღარიბის აღმოფხვრის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკური განვითარების და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით ეხმარება. 2021-2027 წლებში, სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები ევროკავშირისგან €30 მილიარდის დახმარებას მიიღებენ.

სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირი ხშირად აფინანსებს ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფოებსაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში, როგორც წესი, მეტად განვითარებულ სახელმწიფოებს ვხვდებით, ფინანსური დახმარების ჯამური მაჩვენებელი უფრო დაბალია და €20 მილიარდს შეადგენს. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები ევროკავშირისგან ფულს მიგრაციის მენეჯმენტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, კონფლიქტების გადაჭრისთვის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იღებენ.

ევროკავშირის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ რეგიონებს შორის ასევე ვხვდებით აღმოსავლეთ ბალკანეთს და თურქეთს. კონკრეტულად რა მოცულობის დახმარებას იღებენ ეს ქვეყნები ევროკავშირისგან დაზუსტებული არ არის, რადგან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ, ჯამურად, ფინანსური დახმარების მოცულობა ათობით მილიარდს შეადგენს. აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ისევე, როგორც თურქეთი ევროკავშირის გავლენის სფეროს წარმოადგენს, ანუ იქ არსებული ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესება, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს აწყობს.

ევროკავშირი რამდენიმე მილიარდით აფინანსებს ავღანეთსაც, სადაც ათწლეულების განმავლობაში ჰუმანიტარული კრიზისი მძვივარებს. ავღანეთისათვის გამოყოფილი თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იცვლება და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, მაგრამ დაფინანსებული სფეროები, უმეტესწილად, უცვლელია და ჰუმანიტარულ დახმარებას, საკვებს, ჯანდაცვას და დევნილების და ლტოლვილების მენეჯმენტს მოიაზრებს.

თუკი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებას ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, რომ ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოებიდან სხვა ქვეყნების დამხარებაზე ყველაზე მეტს წამყვანი ევროპული სახელმწიფოები ხარჯავენ. პირველ ადგილს $35-მილიარდიანი პაკეტით გერმანია იკავებს, რაც ქვეყნის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.8%-ია. საფრანგეთის მიერ გამოყოფილი დახმარება $19.5 მილიარდია, როცა შვედეთი სხვა ქვეყნების განვითარებისთვის $5.4 მილიარდს ხარჯავს. დაახლოებით ასეთივე თანხას გამოყოფს ყოველწლიურად ნიდერლანდების სამეფო, როცა დანიის ყოველწლიური კონტრიბუცია $4.3 მილიარდის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები