მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ იქნება მთავრობის წარმომადგენელი "ბორჯომის" დირექტორატში? - ლევან დავითაშვილის განმარტება

63037bcde402f
BM.GE
22.08.22 16:51
1281

13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა.

აღსანიშნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმებით, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი. 

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ "ბორჯომის" დირექტორატში მთავრობის წარმომადგენლები შერჩეულია, თუმცა მათი ვინაობა იურიდიული პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

"ჩვენ კანდიდატურები შევარჩიეთ. ეს ადამიანები გამოცდილი, კომპეტენტური კადრები არიან იმისთვის, რომ ის სამუშაო, რომელიც მათ აკისრიათ სწორად და სათანადოდ შეასრულონ. ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს და როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება ამაზე მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს", - ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხების დასრულების ვადები მხოლოდ საქართველოს იურიდიულ სივრცესთან არ არის დაკავშირებული.

"იურიდიული პროცესი მიდის. იგივე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით მაგალითად სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წილის მიღებაზე და "ბორჯომთან" შეთანხმებაზე. ეს იურიდიული პროცესია, რომელიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველოს იურიდიული სივრცესთან არ არის დაკავშირებული. იცით ეს საერთაშორისო კომპანიაა, "ბორჯომის" მშობელი კომპანიაა და ის სხვა იურისდიქციაშია რეგისტრირებული და ამიტომ ვერ გეუბნებით როდის დასრულდება პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.

არაფერი დასამალი არ არის. ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან "ბორჯომის" დირექტორატში, როგორც ჟურნალისტებთან, ისე საზოგადოებასთან თვითონ შეძლებენ კომუნიკაციას", - თქვა დავითაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები