2024 წლის 26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ცნობა 87 წლის ბრიტანელი ფინანსისტის და ბანკირის, ჯეიკობ როტშილდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად როდის ან რის გამო გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, უცნობია. ჯეიკობ როტშილდის პროფესიული კარიერა როტშილდების ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბანკში, NM Rothschild & Sons-ში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ჯეიკობი ოჯახური ბიზნესიდან გავიდა და კარიერა კერძო წამოწყებებს და ქველმოქმედებას დაუთმო.
სანამ უშუალოდ ჯეიკობ როტშილდის შესახებ მოგიყვებოდეთ, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ მისი ოჯახის გენეოლოგიური ხე. ჯეიკობ როტშილდი, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში ბარონ როტშილდადაც იცნობენ, მეიერ ამშელ როტშილდის შთამომავალი იყო - ადამიანისა, რომლმაც მე-19 საუკუნეში როტშილდების დინასტიას დაუდო სათავე. მეიერ ამშელ როტშილდი 1744 წელს დაიბადა, გერმანიის ქალაქ ფრანკფუტში და კარიერის დასაწყისში ბანკშ მუშაობდა, სადაც ფინანსებსა და ვაჭრობად დაეუფლა, მოგვიანებით კი იშვიათი მონეტებითა და ანტიკვარით ვაჭრობას მიჰყო ხელი.
წლების შემდეგ, მეიერ ამშელ როტშილდმა, რომელსაც იმ დროისთვის, ხუთი შვილი ჰყავდა საკუთარი საბანკო იმპერიის შექმნა გადაწყვიტა. თუ მეიერ ამშელის უფროსი ვაჟი, ასევე ამშელი, ფრანკფურტში დარჩა და ოჯახის ჰოლდინგური ბიზნესის მმართველად დაინიშნა, მისი სხვა შვილები ბანკირმა ევროპის წამვყან ქალაქებში გაგზავნა. ნეითანი როტშილდი ლონდონში გადაბარგდა, სადაც უმეტესწილად ტექსტილით ვაჭრობით იყო დაკავებული; ჯეიკობი პარიზში გაემგზავრა, საიდანაც ნაპოლეონის ომებში ჩართული სხვადასხვა მხარის დაფინანსების საკითხებს მართავდა; სალომონი და კარლი კი ვენასა და ნეაპოლში გაემგზავრნენ, სადაც წლების შემდეგ, როტშილდების ბანკის ფილიალები გახსნეს.
მაშ, რას აკეთებდნენ მეიერ ამშელ როტშილდი და მისი შვილები განსხვავებულად, ანუ როგორ შექმნა ამ ოჯახმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საბანკო დინასტია? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. საქმე ისაა, რომ როტშილდების ოჯახის წევრები ქმნიდნენ არა ცალკეულ ბანკებს, არამედ ერთი ბანკის მრავალ ფილიალს, რამაც ინდუსტრიაში ერთგვაროვნება და სისტემურობა შემოიტანა. ამასთან, სწორედ როტშილდების ოჯახს უკავშირდება საბანკო საკურიერო მომსახირების შექმნა, რომლითაც ბანკის ფილიალებს შორის კომუნიკაცია დაჩქარდა, რაც ოჯახის წევრებს საბაზრო რყევებზე სწრაფი რეაგირების, ანუ სხვადასხვა ტიპის არბიტრაჟით ფულადი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევდა.
თუმცა საბანკო საქმის საოპერაციო დონეზე გაუმჯობესების გარდა, როტშილდების ოჯახმა ინდუსტრიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა შემოიტანა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - ნდობას ეფუძნებოდა. მეიერ ამშელ როტშილდს სჯეროდა, რომ საბანკო საქმის მდგრადობას ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ნდობა განაპირობებდა, რაც, თავის წილ, კონფიდენციალურობის დაცვაზე იყო დამოკიდებული. ამ მიდგომის საფუძველზე, როტშილდების ბანკის კლიენტებს შორის სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახებისა და მთავრობების წევრები აღმოჩნდნენ, რითაც, ცხადია, როტშილდები იღებდნენ არამხოლოდ კარგ რეპუტაციას და ფინანსურ სარგებელს, არამედ კავშირებსაც, რაც ოჯახს ბიზნესის ზრდისა და განვითარების საშუალებას აძლევდა.
როგორც ამერიკელი ისტორიკოსი, ჯონათან სტაინბერგი 1999 წელს წერდა, როტშილდების ბანკი პლანეტის ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტად ითვლებოდა მე-19 საუკუნეში, ხოლო ნეითან მეიერ როტშილდი, რომელის საოჯახო ბიზნესის ოპერაციებს ლონდონში უძღვებოდა, იმხელა ქონებას ფლობდა, რამდენსაც Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოსაზრება სტაინბერგმა 1999 წელს გამოთქვა, იმ დროს, ბილ გეიტსის ქონება $100 მილიარდად იყო შეფასებული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ბიზნესმოდელის დასაბამს, რომელსაც დღეს მსოფლიოს უდიდესი ბანკები იყენებენ, სწორედ როტშილდების ოჯახურ ბიზნესში უნდა ვეძებოთ, რადგან ევროპის ფინანსურ ცენტრებში ოფისების ქონა და საერთაშორისო ვაჭრობაზე და მდიდარი კლიენტების მომსახურებაზე აქცენტირება ის მიდგომაა, რომლითაც JPMorgan Chase-ი, Morgan Stanley-ი, Goldman Sachs-ი და სხვა ცნობილი, ისტორიული ბანკები მდიდრდებიან.
მაშ, ვინ იყო ჯეიკობ როტშილდი, რომელიც მიმდინარე კვირას გარდაიცვალა? ჯეიკობ როტშილდი, როგორც გითხარით, მეიერ ამშელ როტშილდის შთამომავალი იყო, მისი ვაჟის, ნეითანის გავლით, რომელიც, ოჯახური ექსპანსიის დროს ლონდონში გადაბარგდა. აი, სწორედ ნეითანმა დააფუძნა NM Rothschild & Sons-ი, სადაც ჯეიკობ როტშილდის კარიერა დაიწყო და კომპანიის დასახელებაში არსებული ორი ასო - N და M, სწორედ ნეითან მეიერის სახელს აღნიშნავს. ამ ადამიანს შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთაც ასევე მრავალი შვილი ჰყავდათ და ყველა რომ არ ჩამოვთვალოთ, გეტყვით, რომ ნეითან მეიერ როტშილდი ჯეიკობ როტშილდის დიდი ბაბუის ბაბუა იყო, ანუ ოჯახის ფუძემდებელი, მეიერ ამშელ როტშილდი მიმდინარე კვირას გარდაცვლილი ბანკირის დიდი ბაბუის დიდი ბაბუა იყო.
მაშ, რას საქმიანობდა ჯეიკობ როტშილდი? ეს ადამიანი ცნობილ და გავლენიან ბრიტანულ ოჯახში დაიბადა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, როგორც Eton College-ში, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტში. საბანკო საქმით კი, ჯეიკობ როტშილდი 1963 წელს, NM Rothschild & Sons-ის ლონდონის ოფისში დაკავდა, სადაც მინორიტარულ წილს ფლობდა, მაგრამ 1980 წელს, ჯეიკობსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის განხეთქილება მოხდა. ჯეიკობ როტშილდს, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ლონდონური ბანკის S.G. Warburg-თან შერწყმა სურდა, რომელიც, იმ დროს, ლონდონში ბაზირებული ბანკი იყო, რომელიც დღეს UBS-ის შემადგენლობაში შედის. ჯეიკობის ამ იდეას მხარი არც ეველინ დე როტშილდმა არ დაუჭირა და არ მამამისმა ვიქტორმა, რომელიც, იმ დროს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის მრჩევლი იყო.
აღნიშნული ოჯახური დაპირისპირების შემდეგ, ბანკირმა კომპანიაში საკუთარი წილი გაყიდა და ოჯახის საინვესტიციო ფონდი, Rothschild Investment Trust-ი ჩაიბარა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყო დალისტული. დღეს, ეს კომპანია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ტრასტია, რომელიც 3.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის აქტივებს მართავს. ცხოვრების ბოლო წლებში, ჯეიკობ როტშილდი რამდენიმე საერთაშორისო კონგლომერატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა და ქველმოქმედებას ეწეოდა.