ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. როგორც ცნობილია, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად უამინდობა დასახელდა, თუმცა ინციდენტთან დაკავშირებით სპეკულაცია არ წყდება.
ამბის გავრცელების შემდეგ, მომხდარიდან მალევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც მომხდარი კატასტროფა და სამოქმედო გეგმა განიხილეს.
აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის უფლებამოსილება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მუჰამედ მოხბერმა გადაიბარა, რომელიც მთავრობას დროებით გაუძღება, ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი 50 დღეში ჩატარდება. ვინ გახდება რაისის შემცვლელი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატმა არა მარტო ხალხის გული, არამედ უზენაესი ლიდერის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს.
ზოგადად, ირანში მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანშია კონცენტრირებული და ეს პიროვნება ყველასათვის კარგად ცნობილი აიათოლა ხამენეია, რომელიც ერთდროულადაა რელიგიური წინამძღოლი, სამხედრო ლიდერი, კანონმდებელი, მოსამართლე და აღმასრულებელი.
იბრაჰიმ რაისი აქტიურად განიხილებოდა აიათოლას მემკვიდრედ და ამაზე თავად უზენაესი ლიდერიც საჯაროდ უსაუბრია. მისი თქმით, რაისი უაღრესად ერთგული, პრინციპული და გონიერი ადამიანი იყო, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით განავითარებდა. ცხადია, ირანის ხელისუფლებაში სწორ მიმართულებად ავტორიტარული დიქტატურა და რელიგიური ფანატიზმი ესმით.
აქვე, რისი თქმა შეგვიძლია აწ უკვე გარდაცვლილი პოლიტიკური ლიდერის შესახებ? ის სახელისუფლებო ეშელონებში 1994 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო მთავარი პროკურორი, მოსამართლე, მმართველი საბჭოს წევრი და ბოლოს პრეზიდენტი. უშუალოდ ეს პოსტი მან 2021 წელს დაიკავა და მის შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
რაც შეეხება ირანის ეკონომიკას, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 465 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 34-ე ადგილს იკავებს. საპირწონედ ამისა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,300 დოლარია და ამ შედეგით ის 113-ე ადგილზეა. ასეთი დრამატული სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ დოვლათის უდიდესი ნაწილი მდიდარი ელიტის ხელშია კონცენტრირებული და ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე. ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 90 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი ღარიბ ან საშუალო ფენას მიეკუთვნება.
ირანის ეკონომიკური სიძლიერე ბუნებრივ რესურსებზე დგას. მას მსოფლიოში უდიდესი სანავთობო რეზერვები აქვს, ასევე ის ლიდერია ბუნებრივი აირის რეზერვების მიმართულებით. ქვეყანაში უხვად მოიპოვება იშვიათი მინერალები, ძვირფასი მეტალები და ფერადი ლითონი. ობიექტური პარამეტრებით, ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო უნდა იყოს, თუმცა ის ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული და ეკონომიკურად შეზღუდული ქვეყანაა, რომელსაც რელიგიური დიქტატორი მართავს.