მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ხეირობს "ოფშორების კანონით"? - GMC-ს პასუხი

ხატია ნიკოლაიშვილი

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ხატია ნიკოლაიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ იმ კომპანიების შესახებ საუბრობს, რომლებიც „ოფშორების კანონით“ ხეირობს ან იხეირებენ.

მისი ინფორმაციით, მონიტორინგის ცენტრმა კვლევის ფარგლებში 20 მსხვილი კომპანია და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესები გამოიკვლია, რომლებიც შესაძლოა ოფშორში რეგისტრირებული უცხოური კომპანიები ყოფილიყვნენ.

„მოგეხსენებათ, ამ საგადასახადო ცვლილებებმა სამი ტიპის შეღავათი დააწესა. ჩვენ თითოეული მათგანი შევისწავლეთ, თუ რა ცვლილებები შეიძლება განაპირობოს სამომავლო პერსპექტივაში. დიდი ხანი არ არის გასული, რაც ეს ცვლილებები ძალაში შევიდა, შესაბამისად ამ წუთას იმის თქმა, თუ ვინ იხეირა ამ შეღავათით, რთულია და საჭიროებს დროს. თუმცა ის ხვრელები, რაც ამ კანონმა შექმნა, საშუალებას გვაძლევს, რომ ეს კონკრეტულ ბიზნესებსა და ჯგუფზე მორგებულიყო.

შევისწავლეთ 20 მსხვილი ქართული საწარმო, რომლის მფლობელი ნაწილობრივ და მთლიანად ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოა და დავადგინეთ, რომ ამ კომპანიებს წლების განმავლობაში, დიდი რაოდენობით გაუნაწილებელი მოგება ჰქონდათ აკუმულირებული. შესაბამისად, ეს ცვლილება, მათ საშუალებას აძლევდათ სურვილის შემთხვევაში, წლების განმავლობაში დაგროვებული გაუნაწილებელი მოგება, მათ დაბეგვრის გარეშე გაეტანათ და თავიდან აერიდებინათ მოგების განაწილებისგან. ამ 20 კომპანიიდან, 10 არის ყველაზე დიდი კომპანია, რომელსაც ჯამში 500 მლნ ლარის გაუნაწილებელი მოგება ჰქონდა. მათ შორის იყო, მაგალითად კომპანია “სუფთა სახლი" ”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული კომპანიები, თუ გადაწყვეტდნენ, რომ ეს გაუნაწილებელი მოგება გაეტანათ, კანონის მიღებამდე, ისინი 20%-ით დაიბეგრებოდნენ, თუმცა ახლა აღარ დაიბეგრებიან. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საქართველო სახელმწიფო, ბიუჯეტში რა რაოდენობის შემოსავალს კარგავს.

“არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დიდი კომპანიებით, დაინტერესებული ვიყავით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ თუ არა ამ კატეგორიაში, ვისაც დიდი გაუნაწილებელი მოგება აქვთ. 14 ოფშორულ კომპანიას იდენტიფიცირება გავუკეთეთ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული. ეს კომპანიები, თავის მხრივ ფლობენ ქართულ კომპანიებს. ძირითადად მეორე, მესამე ტიპის კომპანიებში შედიან, რაც ნიშნავს, რომ დიდი კომპანიები არიან. ამ კომპანიებიდან, ოთხი იყო ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათთვის გაგვეცნო. პირველ რიგში, იყო “ქართუ ჯგუფი” და “ფინ სერვისი”. “ქართუ ჯგუფს” ბოლო მონაცემებით 280 მლნ -მდე გაუნაწილებელი მოგება აქვს აკუმულირებული. “ფინ სერვისს” დაახლოებით 80 მლნ. პრობლემა ისაა, რომ მონაცემები არის ძველი. “ქართუ ჯგუფის” ბოლო ანგარიშგება 2019 წელს არის გამოქვეყნებული და მას შემდეგ, ის კანონს ყოველ წელს არღვევს. ვალდებულება, რომ წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება მასზე ვრცელდება, რადგან 2019 წლის მონაცემებით, ის მეორე კატეგორიის ბიზნესია. თუმცა ის ყოველ წლიურად კანონს არღვევს და მალავს კომპანიის ფინანსებს”,- ამბობს მკვლევარი.

მისივე ვარაუდით, ფინანსური ანგარიშგებების დამალვა ბადებს ეჭვს, რომ ეს გაუნაწილებელი მოგება იგივე კი არ დარჩა, არამედ გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები