მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მოაწყო მოსკოვში ტერაქტი და რა მიზნები აქვს ISIS-K-ს?

isis-k

ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე რუსეთი სისხლის ღვრაში გადაეშვა. 22 მარტის საღამოს მოსკოვის ოლქში, Crocus City Hall-ის დარბაზში სასტიკი ტერორისტული აქტი მოხდა, რომელსაც 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მირზოევი, ფაიზოვი, შამსუთდინი და რაჩაბალიზოდა – ეს იმ ადამიანების გვარებია, რომლებმაც დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღეს. ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა, ორმა რუსული ენა არ იცის და ყოველი მათგანი რუსეთში დროებით საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ ჩავიდა. მათი დოსიე ბევრს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ისინი ტაჯიკეთიდან რუსეთში სამუშაოდ ჩავიდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში პატიოსნადაც ცხოვრობდნენ.

ტაჯიკი ტერორისტების რადიკალიზაციაზე და ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობას იღებს ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-K, ე.წ. ხორასნის ვილაიეთი, რომელსაც წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ტერაქტი მოუწყვია.

სანამ ISIS-K-ს მიზნებს ჩავუღრმავდებით, მანამ დაკავებული დამნაშავეების ბედ-იღბალზე უნდა ვისაუბროთ. ოთხივე ტერორისტი თავდასხმის მოწყობიდან რამდენიმე საათში დააკავეს და სპეცსამსახურებმა სასტიკად აწამეს, ერთ-ერთ მათგანს ყური მოაჭრეს და მისი შეჭმა აიძულეს. გავრცელებული კადრებიდან ყოველ მათგანს ეტყობა ფიზიკური ძალადობის და წამების კვალი.

მათ მომავალთან დაკავშირებით მოსკოვის სასამართლომ დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება და ეს მოიცავს წინასწარ ორთვიან პატიმრობას, რომლის შემდეგაც, დიდი ალბათობით, მათ სამუდამო პატიმრობა და სპეციალურ კოლონიაში განწესება მიესჯებათ, სადაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ძალადობა და წამება მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

სანამ ტერორისტები მოსკოვში ამ ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ რუსეთის მთავრობა და თავისი მოქალაქეები გააფრთხილა პოტენციური ტერორისტული აქტის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საფრთხის შესახებ რუსეთის ძლევამოსილ დაზვერვას ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირებას ადგილი არ ჰქონია.

თავად დაზვერვის უმოქმედობა ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს, თუმცა ეს სხვა საკითხია და მასზე მსჯელობა ზედმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ სჯობს ისევ იმ ტერორისტულ ორგანიზაციას დავუბრუნდეთ, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.

ISIS-K ან ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთი არის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც უკვე თითქმის ათწლეულია ავღანეთის ტერიტორიაზე ოპერირებს. ISIS-K-ის მიზანი გლობალური ხალიფატის დამყარება და ჭეშმარიტი ისლამური სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიას გააერთიანებს და სადაც შარიათის კანონი იბატონებს. დაჯგუფების მიზნები თითქმის იდენტურად შეიძლება ჩაითვალოს ერაყსა და სირიაში დაფუძნებულ ISIS-თან შედარებით, თუმცა საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ავღანურმა განშტოებამ ცენტრის მხარდაჭერა დაკარგა და ის ამჟამად დამოუკიდებლად ოპერირებს.

ISIS-K-ს მტრული ურთიერთობა აქვს როგორც რეგიონში წარმოდგენილ სხვა დაჯგუფებებთან, ასევე თალიბანთან, რომელიც ამჟამად სრულად აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიას. ISIS-K-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი 2021 წლის აგვისტოს განხორციელდა, როდესაც დაჯგუფებამ იერიში მიიტანე ქაბულის აეროპორტში შეკრებილ ამერიკულ სამხედრო ძალებზე, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიას ტოვებდნენ.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რას ერჩოდა ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთი რუსეთის ფედერაციას. ამ შეკითხვაზე პასუხი კი მარტივია, წლების განმავლობაში რუსეთი ჩართული იყო ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებულ საერთაშორისო კამპანიებში, მათ შორის, უშუალოდ ISIS-K-ს წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობდა შურისძიების მოტივი.

თუკი თავად ტერორისტულ ორგანიზაციას და მის ოფიციალურ განცხადებას დავუჯერებთ, მიზეზი ქრისტიანობა და ისლამური სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაა, რომელიც ამ ინიციატივას ხელს უშლის და ხალიფატის დამყარებას საფრთხედ აღიქვამს. გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში ტერაქტის მოწყობით ხორასნის ვილაიეთმა მოახდიან ძალის დემონსტრაცია და ამით ცდილობს ავღანეთის მასშტაბით თანამოაზრეების შემოერთებას, რათა შემდგომ მან თალიბანთან დაპირისპირება და ავღანეთში ძალაუფლების მოპოვება შეძლოს.

ISIS-K თალიბანს მტრად განიხილავს და ორივე ტერორისტულ დაჯგუფებას ქვეყნის გაკონტროლება სურს, ამიტომაც ისინი სხვადასხვა სასტიკი მეთოდებით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას.

როგორც ტერორიზმის საკითხებში სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რუსეთზე თავდასხმა მხოლოდ დასაწყისია და შემდეგ სამიზნედ ტერორისტებმა ნებისმიერი დასავლური სახელმწიფო შეიძლება აირჩიონ, განსაკუთრებული რისკის წინაშე კი ისინი დგანან, რომელთაც გლობალურ ასპარეზზე დიდი გავლენა აქვთ, ანუ: ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი, კანადა და სხვები. ცხადია, ამ რისკს დასავლელი ლიდერებიც აცნობიერებენ, სწორედ ამიტომ ევროპაში ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით განგაშის უმაღლეს დონე გამოცხადდა, ამიტომ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალურ ასპარეზზე ტერორიზმი ისევ დაბრუნდა და 2024 წელს კიდევ ერთი ახალი კრიზისი დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები