მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შედის Forbes-ის 30 წლამდელი მეწარმეების სიაში

5fd4bb9f7c6fd
თათია კაკიაშვილი
12.12.20 18:30
2322
17 წლის ასაკში ბიზნესი წამოიწყო, ხოლო 25 წლისა მილიარდერი გახდა, ეს Luminar-ის დამფუძნებლის ოსტინ რასელის ისტორიაა, რომელიც Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი კომპანია ბირჟაზე აღმოჩნდა. თუმცა, ეს ახალგაზრდა მილიარდერთა ისტორიების მხოლოდ ნაწილია.

Forbes–ის მილიარდერების გლობალური რეიტინგი დაახლოებით 2100 ადამიანს მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სია აერთიანებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მილიარდერები არა მიღებული მემკვიდრეობის, არამედ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისა და ნიჭის წყალობით გახდნენ.

კაილი ჯენერი
2019 წელს კაილის ჯენერი 21 წლის ასაკში, 1 მილიარდი ამერიკული დოლარით შევიდა Forbes-ის 30 წლამდელ მილიარდერთა სიაში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის Kylie Cosmetics-ის 51%-ი 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა Coty Corp-ს, რომელიც Max Factor-ის ბრენდის ქვეშ აწარმოებს კოსმეტიკურ საშუალებებს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Forbes–მა ჯენერი მილიარდერთა სიიდან გამოიყვანა, როდესაც მისი ქონება 900 მილიონამდე შემცირდა. ხოლო 2020 წლის ოქტომბრისთვის ბიზნესი უკვე 700 მილიონ დოლარად შეფასდა.

მარკ ცუკერბერგი
მსოფლიოში არავინ დარჩა, ვინც არ იცის, რომ მარკ ცუკერბეგი მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელია. ცუკერბერგი სწორედ 23 წლის ასაკში გამდიდრდა და Forbes-ის სიაში 1.5 მილიარდი დოლარით შევიდა, მისი ამჟამინდელი მაჩვენებელი კი 103.5 მილიარდი დოლარია. მარკ ცუკერბერგმა პირველი მილიარდი 2008 წელს გამოიმუშავა - ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში სტუდენტური სოციალური ქსელის Facebook-ის შექმნიდან ოთხი წლის შემდეგ. კომპანია ბირჟაზე 2012 წლის მაისში გამოვიდა და, საგულისხმოა, რომ ცუკერბერგი დღემდე მისი აქციების დაახლოებით 15%-ს ფლობს.

საინტერესოა ისიც, რომ 2015 წლის დეკემბერში ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა, პირობა დადეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, Facebook–ის წილის 99% ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.

ევან შპიგელი
მილიარდერთა სიაში შემდეგი Snap-ის შემქმნელი, ევან შპიგელია, რომელიც 2014 წელს, 24 წლის ასაკში გახდა მილიარდერი, 1.5 მილიარდი დოლარით, მისი ამჟამინდელი შემოსავალი კი 4.5 მილიარდია. სამი წლით ადრე კი, მან და მისმა სტენფორდელმა ჯგუფელმა, ბობი მერფიმ, შექმნეს Snapchat-ი, აპლიკაცია ფოტო და ვიდეო შეტყობინებების გასაზიარებლად. საგულისხმოა, რომ 2013 წელს პარტნიორებმა უარი თქვეს Facebook-ის შეთავაზებაზე, 3 მილიარდ დოლარად Snapchat-ის მომსახურება სოციალური ქსელისთვის დაეკავშირებინათ.

ოსტინ რასელი
რაც შეეხება ოსტინ რასელს, Luminar-ის შემქმნელს, ის მილიარდერი 25 წლის ასაკში, 2.4 მილიარდი დოლარის ქონებით გახდა. ოსტინი 17 წლის იყო, როდესაც დააარსა Luminar-ი, თვითმართვადი მანქანების სენსორების მწარმოებელი, რვა წლის შემდეგ კი მილიარდერი გახდა. Nasdaq–ზე განთავსების შედეგად კი, კომპანია 3,4 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო რასელის ქონება - 2,4 მილიარდად.

დასტინ მოსკოვიცი
დასტინ მოსკოვიცი 26 წლის ასაკში, 1.4 მილიარდი დოლარით შევიდა Forbes-ის მილიარდერთა სიაში. მისი ქონება დღეს 17.3 მილიარდ დოლარს აღწევს და, რაც მთავარია, დასტინ მოსკოვიცის გამდიდრება სოციალურ ქსელს Facebook-ს უკავშირდება: მოსკოვიცი Facebook-ის თანადამფუძნებელია. ჯერ კიდევ 2008 წელს დასტინმა კომპანია დატოვა და მობილური პროექტების მართვის პროგრამა Asana შექმნა. მოსკოვიცის სიმდიდრის დიდი ნაწილი მოდის Facebook-ის წილზე - ის კომპანიის დაახლოებით 2%-ს ფლობს.

ბობი მერფი
Forbes-ის სიაში შემდეგი ახალგაზრდა ბობი მერფია, Snap-ის თანადამფუძნებელი, რომელიც, ასევე, 26 წლის ასაკში, 1.5 მილიარდი დოლარით გახდა მილიარდერი, მისი დღევანდელი შემოსავალი კი 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბობი მერფიმ Snapchat-ი სტენფორდში, თანაკლასელ ევან შპიგელთან ერთად შექმნა. 2017 წელს აპლიკაცია თითქმის უკვე “ჩამოწერილი” იყო, მაგრამ ახალგაზრდებზე ფოკუსირების წყალობით, მისი აუდიტორიის ზომა და ჩართულობის დონე კვლავ გაიზარდა. ამ შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, Snapchat-ის აქციები IT სექტორში ყველაზე სარფიანად დასახელდა. საგულისხმოა მერფის ქველმოქმედებაც: 2020 წლის აპრილში მერფიმ 5 მილიონი დოლარი შესწირა ლოს ანჯელესის 60 000 მცხოვრების დასახმარებლად, რომლებიც COVID-19 პანდემიის გამო ფინანსურ სირთულეებს განიცდიდნენ.

ჯონ კოლისონი
Stripe-ის თანადამფუძნებელი ჯონ კოლისონი 26 წლის იყო, როცა 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგროვა, ამჟამად მისი ქონება 3.2 მილიარდი დოლარია. ჯონ კოლისონი და მისი ძმა პატრიკი მილიარდერები სწორედ Stripe-ის მეშვეობით გახდნენ - ეს არის გადახდის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს და კომპანიებს ინტერნეტით გადახდის საშუალებას აძლევს. საინტერესოა, რომ ძმებმა, რომლებიც ირლანდიაში გაიზარდნენ და ბავშვობიდან უყვარდათ პროგრამირება, პროექტი 10 წლის წინ, 2010 წელს დაიწყეს.

პატრიკ კოლისონი
გასაკვირი არაა, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიაშია ზემოთაღნიშნული პატრიკ კოლისონიც, რომელიც, ძმისგან განსხვავებით, 28 წლის იყო, როცა პირველი, 1.1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და ახლა მისი ქონებაც 3.2 მილიარდი დოლარის ნიშნულზეა. ძმებმა Stripe-ის შექმნა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის პარალელურად დაიწყეს. პროგრამის საშუალებით, კოლისონებმა პირველად მაშინ გადაიხადეს, როდესაც ორივე დასასვენებლად იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში. ამჟამად ჯონი კომპანიის პრეზიდენტია, ხოლო პატრიკი - აღმასრულებელი დირექტორი.

თომას ჰელი
Forbes-ის 30 წლამდელთა მილიარდერების სიაში მე-9 ადგილს თომას ჰელი იკავებს, მისი საქმიანობის სფერო Hyiliion-ია. მან 28 წლის ასაკში გამოიმუშავა პირველი, 1.5 მილიარდი დოლარი. თომას ჰელიმ 2015 წელს დააარსა ტეხასის სტარტაპი Hyiliion-ი, რომელიც მძიმე სატვირთო ტრაქტორების ელექტროფიკაციის ტექნოლოგიას ავითარებს. 2020 წლის სექტემბერში Hyiliion-ის აქციები განათავსეს ბირჟაზე სპეციალიზირებულ კომპანიასთან გარიგების გზით. შედეგად, Hyiliion Holding-ის ახალი კომპანიის ღირებულება 6,7 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო თავად ჰილის წილი 1,5 მილიარდ დოლარად. თუმცა, ამის შემდეგ Hyiliion-ის აქციები თითქმის 70%-ით დაეცა და მეწარმე დღეს უკვე აღარ არის მილიარდერი.

ედუარდო სავერინი
და ბოლოს, წარმოგიდგენთ ედუარდო სავერინის, Facebook-ის შექმნაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, რომელიც 28 წლის იყო, როცა 1.15 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, მისი ამჟამინდელი ქონება კი 15.6 მილიარდს უტოლდება. 2004 წელს ედუარდო სავერინმა, მარკ ცუკერბერგთან ერთად, შექმნა ახალი სოციალური ქსელი და ითვლებოდა "Facebook-ში მეორე ადამიანად". 2010 წელს სავერინის ქონება 1,15 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო 1 წლის შემდეგ, მან უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად სინგაპურში გადავიდა. მან დააარსა ფონდი, B Capital-ი, რაც გულისხმობს ინვესტიციების ჩადებას აზიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ტექნოლოგიურ კომპანიებში. მისი კაპიტალის დიდ ნაწილს კი, ბუნებრივია, Facebook-ი განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები