მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ზედამხედველობს რიკოთის გზის მშენებლობას? - სამინისტროს განმარტება

მაგისტრალი

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის ჯამური საფასურიც 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

51.6 კილომეტრის სიგრძის მქონე რიკოთის გზის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი, ოთხივე სექციაზე ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანიები მუშაობენ.

  • ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) - 11.7 კმ, კონტრაქტორი China State  Construction Engineering Corporation Limited, ღირებულება 330 მილიონი ლარი;
  • ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) -  12,2 კმ, კონტრაქტორი Hunan Road and Bridge Construction Group, ღირებულება 732 მილიონი ლარი;
  • უბისა-შორაპნის მონაკვეთი (III სექცია) - 13 კმ, კონტრაქტორი China Road and Bridge Corporation, ღირებულება 902 მილიონი ლარი;
  • შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) - 14,7კმ, კონტრაქტორი Guizhou Highway Engineering Group და China National Technical Import and Export Corporation, ღირებულება 583 მილიონი ლარი.

ახალი მაგისტრალი 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს.

დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა კითხვით თუ ვინ ზედამხედველობს გეოგრაფიულად რთულ არეალში, მეწყერსაშიშ ზონაში სამშენებლო სამუშაოებს, რაზეც დეპარტამენტი აცხადებს, რომ ზედამხედველობის პროცესში მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წესებით შერჩეული კომპანიები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტები საქმიანობენ. ამასთან, გზების დეპარტამენტის განცხადებით სამშენებლო კონტრაქტორებისთვის თანხის ანაზღაურება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზედამხედველი კომპანიები გასცემენ შესაბამის დასკვნებს.

“რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (შემდგომში - გზშ). გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. რიკოთის ოთხივე მონაკვეთის გზშ-ს ჩაუტარდა გარემოსდაცვითი აუდიტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და დამტკიცდა ამავე ორგანიზაციების მიერ. გარემოსდაცვითი მიმართულებით, პროექტში ჩართულია 23 ექსპერტი, კონტრაქტორებისა და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოსდაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. საპროექტო მომსახურების შესყიდვა განხორციელდა „მსოფლიო ბანკისა“ და „აზიის განვითარების ბანკის“ წესების შესაბამისად, მათი თანხმობით, ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიით, სადაც 80% ენიჭება გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, ხოლო 20% - ფინანსურ ნაწილს (ფასს).

ზემოაღნიშნული პრინციპით, შეირჩა ამერიკული (AECOM), თურქული (TEMELSU) და იტალიური (IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A) კომპანიები. პროექტში ჩართული იყვნენ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე ექსპერტები. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს და სხვა. ჯამში, პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, მათ შორის, 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი. რიკოთის პროექტებში, უშუალოდ მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დარგის (ხიდები, გვირაბები, გეოტექნიკა, კლიმატის ცვლილება, საგზაო უსაფრთხოება და ა.შ) საერთაშორისო ექსპერტები იტალიიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და სხვა. პროექტის თითოეული ეტაპის განხილვა და პროექტის აუდიტი ხდებოდა მათ მიერ. მხოლოდ მათი დადებითი პასუხის შემდეგ პროექტი ჩაითვალა მისაღებად.

რიკოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებენ საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან, რომელთაც აქვთ მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება. საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებენ 20 და მეტი წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 147 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის, 99 -ადგილობრივი და 48 - საერთაშორისო. ესენი არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, კერძოდ: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრები, ხარისხის კონტროლის, მასალების კონტროლის ინჟინრები, საგზაო უსაფრთხოების ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტები და სხვა. აბსოლუტურად ყველა მასალა და სამუშაო ექვემდებარება საზედამხედველო ორგანიზაციების კონტროლს. სამუშაო შესრულებულად მიიჩნევა მხოლოდ მათი მხრიდან სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადასტურების საფუძველზე, რის შემდეგაც ხდება ანაზღაურება,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ პარლამენტში გაგზავნილ პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები