რუსი ოკუპანტების მიერ სარაკეტო დარტყმის შემდეგ, უკრაინაში ქალაქ ვინიცასთან არსებული აეროპორტი სრულად განადგურებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
მან მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდა.
„ახლახანს მომახსენეს, რომ ვინიცაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა - 8 რაკეტა ჩამოაგდეს. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა, არასდროს და არაფრით დამუქრებია რუსეთს. მძიმე, ცინიკურმა სარაკეტო დარტყმამ აეროპორტი სრულად გაანადგურა. ისინი (ოკუპანტები) ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას აგრძელებენ, რომელსაც ჩვენ, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები აშენებდნენ. ყოველ დღე ვიმეორებთ: „დახურეთ ცა უკრაინაზე. დახურეთ ის ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო სივრცე რაკეტების გარეშე, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ხალხი ვართ. ხალხის დაცვა კი თქვენი ჰუმანიტარული ვალდებულებაა და თქვენ ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ ჩვენი თავის დაცვა შევძლოთ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - თქვენც გინდათ, რომ ჩვენ ნელა დაგვხოცონ". ეს მსოფლიო პოლიტიკოსების და დასავლეთის ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და საყოველთაოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.




























