მთავრობა სამშენებლო ამნისტიას ამზადებს, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება.
„ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობა უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და აღარ ექნებათ დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი. ისინი ისარგებლებენ საკუთრების უფლებით.
ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს და გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინდივიდუალურ სახლებზე, რომლებიც აშენებული იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე.
ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც აშენებული იქნება შემდგომ აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამისად ისინი ვეღარ ჩაეშვებიან ეკონომიკურ ბრუნვაში და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად მიეწოდება მუნიციპალიტეტს“, - განმარტა მინისტრმა.
რატი ბრეგაძე იმედოვნებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უკანონო მშენებლობების პრობლემის აღმოფხვრის წინაპირობა გახდება.
„ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მერე დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და ყველა ის სახლი, რომელიც აშენდება 2024 წლის მერე, აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა ჰქონდეს ნებართვა მუნიციპალიტეტიდან, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი. მხოლოდ ასეთ ინდივიდუალურ სახლებზე განხორციელდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“, - განაცხადა მინისტრმა და თქვა, რომ ამნისტიის პროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს.