მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის "მისო ლიდერკრედიტი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ₾46 100-ით დააჯარიმა?

მისო ლიდერკრედიტი

ეროვნულმა ბანკმა შპს მისო ლიდერკრედიტი 5 სხვადასხვა დარღვევისთვის 46 100 ლარით დააჯარიმა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100%-ს "ოცნების" პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ისკო დასენის შვილი ტიტალ დასენი ფლობს, რომელიც საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. დირექტორი კი, მურმან მირცხულავაა.

მიკროსაფინანსო დაჯარიმდა შემდეგი დარღვევებისთვის:

  1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 2 ფაქტი;
  2. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 1 ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 სამუშაო დღემდე, 1 ფაქტი;
  3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა;
  4. 7 კლიენტთან მიმართებით დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა;
  5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოწმების დაწყების თარიღისათვის 5 კლიენტთან მიმართებით რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული.

ორგანიზაციისთვის ეს მეორე ჯარიმაა. პირველად 2023 წლის 24 აპრილს 4 000 ლარით იყო დაჯარიმებული. მაშინ, მიზეზი, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 ფაქტი გახდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები