ეროვნულმა ბანკმა, aml/cft ზედამხედველობის ფარგლებში სესხის გამცემი ერთი სუბიექტი და სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.
დარღვევებისთვის სანქციის ჯამური მოცულობა 55 000 ლარია. რაც შეეხება ჯარიმის თანხას და მიზეზებს უფრო კონკრეტულად:
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“ - 6 000 ლარი
ეროვნული ბანკი წერს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ორ კლიენტთან მიმართებით არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რის გამოც დაჯარიმდა.
„მისო მონეტა ექსპრესი” - 10 000 ლარი
შესწავლის პროცესში გამოვლინდა, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 5 ფაქტი. თითოეული შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა განსაზღვრულია 2 000 ლარით.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი“ - 10 000 ლარი
- 2 კლიენტთან მიმართებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არასწორად წარადგინა 1 შემთხვევაში;
- ასევე 1 შემთხვევაში მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასწორად წარადგინა.
სესხის გამცემი სუბიექტის შპს „თ-ნ გოლდ“-ი - 29,000 ლარი
- სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით;
- ასევე ჯარიმა გამოწერილია სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 ფაქტის გამო;
- მარეგულირებელი წერს, რომ ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით;
- სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებით საქმიანობის არსის დაუდგენლობის ფაქტი;
- სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებით მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევა;
- ასევე, სესხის გამცემმა სუბიექტმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს ორ შემთხვევაში არასწორად წარუდგინა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.