მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები - მფლობელები და აქტივები

61712581c8619
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.21 15:28
14099
საქართველო ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარზე მეტ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოძრაობს; ასევე, იმ ათიათასობით სატრანზიტო სატვირთოსთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საქართველოს საზღვრებს კვეთენ. საწვავის სამომხმარებლო რეალიზაციის სექტორში სულ რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს. ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშგებების თანახმად, 2020 წელს ყველა კომპანიის შემოსავალი შემცირდა, რაც ნავთობის სარეალიზაციო ფასის კლებას უკავშირდებოდა. დოკუმენტების თანახმად, კომპანიების აქტივებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია:

ნავთობკომპანიების ფინანსური შედეგები და მათი მფლობელები

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"

● შემოსავალი 2020 წელს - 600.9 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან 67.3 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2020 წელს - 145.5 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 291.3 მილიონი ლარი.

მფლობელი:

ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”, მისი საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.

შპს“ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 115 ავტოგასამართი სადგურით. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს და ის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა.



"გალფი"

● შემოსავალი 2020 წელს - 535.3 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან 54 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 1.9 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 229.4 მილიონი ლარი.

მფლობელები:

“გალფის” ანუ “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისი მფლობელების სია ასეთია:

“2020 და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფების უშუალო მშობელი კომპანია იყო ენერჯი ინვესტმენტ ვენჩურ ჰოლდინგსი, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალ ლიმიტედ, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში", - ნათქვამია ანგარიშში.

ჯგუფის საბოლოო მფლობელებია რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტი” 49%-ით და ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი 38% წილით.

გალფის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო სეგმენტში. 2020 წლის 31 დეკემბრისთვის ჯგუფი ფუნქციონირებდა საქართველოში მდებარე 147 (2019 წელს 149) ბენზინგასამართი სადგურით, აქედან 69 (2019 წელს 68) ბენზინგასამართი სადგური კომპანიის, მისი შვილობილი საწაროების და მეკავშირე საწარმოების მფლობელობაში იყო, სხვა ბენზინგასამართი სადგურები კი ნაქირავებია.


"რომპეტროლ საქართველო"

● შემოსავალი 2020 წელს - $131.9 მილიონი დოლარი, რაც ანგარიშის პერიოდში 432 მილიონი ლარი იყო, შემოსავალი 2019 წელს - $200.3 მილიონი, რაც ანგარიშის პერიოდში 574 მილიონი იყო, შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები 142 მილიონით შემცირდა;
● წმინდა ზარალი 2020 წელს - $2.15 მილიონი დოლარი ლარი; რაც ანგარიშის პერიოდში 7 მილიონი ლარი იყო;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - $44.7 მილიონი დოლარი, რაც ანგარიშის პერიოდში 146 მილიონი ლარი იყო.

მფლობელი:

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული KMG International N.V.-ი, რომელიც ყაზახური KazMunayGaz-ის ჯგუფის წევრია. მისი საბოლოო მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Samruk-Kazyna.

“რომპეტროლ საქართველო” ქვეყანაში 2005 წლიდან საქმიანობს. მისი საცალო ქსელი 86 ბენზინგასამართი სადგურისგან შედგება, რომლებიც მთლიანი ქვეყნის მასშტაბით არის განლაგებული და მათი უმეტესობა (81 სადგური) იჯარით არის აღებული მესამე მხარეებისგან და საქმიანობს "რომპეტროლის" ბრენდის ფარგლებში.



ჯგუფი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"

● შემოსავალი 2020 წელს - 353.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 114 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 3 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 225.4 მილიონი ლარი.

მფლობელები:

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” ჯგუფის მფლობელების სია, კომპანიის 2020 წლის აუდიტირებული ანგარიშის თანახმად ასეთი იყო:

ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%.

“2020 წლის ბოლოს, კომპანია ექსპლუატაციას უწევდა 120 სადგურს: 117 ბენზინგასამართ სადგურს (მათგან 77 კომპანიის კუთვნილს, 39 იჯარით აღებულს და 1 შვილობილისგან იჯარით აღებულს), რომელთაგან 10 არის კომბინირებული ბენზინის და გაზის სადგური, ხოლო 3 - მხოლოდ გაზგასამართი სადგური (2 საკუთარი, 1 იჯარით აღებული). ჯგუფი ოპერირებს როგორც საცალო, აგრეთვე საბითუმო მიმართულებით,”- ნათქვამია ანგარიშში.


"ლუკოილ ჯორჯია"

● შემოსავალი 2020 წელს - 239.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 8.8 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 1.2 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 74.7 მილიონი ლარი.

მფლობელი:

“ლუკოილ ჯორჯიას” უშუალო მფლობელია შვეიცარიაში რეგისტრირებული LITASCO SA და ის რუსული Lukoil-ის ჯგუფის წევრია.

“ლუკოილ ჯორჯია” ქვეყანაში 2002 წლიდან საქმიანობს. კომპანიას გააჩნია საკუთარი - 22 და იჯარით აღებული - 19 ავტოგასამართი სადგური, ასევე -20 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში.



ამჟამად ნავთობის იმპორტის ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რაც გლობალურად საწვავის გაძვირებაა, რაც გაუფასურებული ლარის გათვალისწინებით, სარეალიზაციო ბენზინის ფასის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდას იწვევს, შედეგად რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულებამ 3.03 ლარს გადააჭარბა.

როგორც კომპანიების ანგარიშებიდან ჩანს, ნავთობის იმპორტის არაერთი მოთამაშე ფინანსურად ზარალზეა. მათი აუდიტირებული ფინანსური შედეგების მიხედვით, ამ ბაზრისთვის მთავარი გამოწვევა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა, რაც მათი ზარალის წამყვან ფაქტორს წარმოადგენს. გაცვლითი კურსის გაუფასურება ორი მთავარი მიზეზის გამო ახდენს ამ კომპანიებზე გავლენას, ესენია:

1) უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გაძვირება;
2) შესასყიდი ნავთობის ღირებულების ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები