სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა 2-წლიანი ლოდინის შემდეგ Apple-ის ძვირად ღირებული VR სათვალის კონკურენტი, Galaxy XR წარადგინა. ახალი პროდუქტი თავიდანვე იქცევს ყურადღებას მისი ფასით, რომელიც Vision Pro-ს ღირებულებაზე თითქმის ორჯერ იაფია და $1,800 დოლარად იყიდება.
ის, რამაც ბევრი მომხმარებელი დააბნია, მისი დიზაინია, რადგან Galaxy XR მარკ ცუკერბერგის მიერ წარმოდგენილ Meta Quest Pro-ს, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს. თუმცა რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება და მისი ფუნქციები Quest-ის შესაძლებლობებსაც საგრძნობლად აღემატება.

Galaxy XR თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ Vision Pro-ს პირდაპირ კონკურენტად, რადგან მასში ბევრ ისეთ თვისებას ვხვდებით, რომლებიც Apple-ის ძვირად ღირებულ სათვალეშია წარმოდგენილი. მათ შორის გამორჩეული ხელით კონტროლის ფუნქციაა. Vision Pro-ს მსგავსად, ამ მოწყობილობასაც მხოლოდ საკუთარი ხელით მართავთ, რისთვისაც 4 წინა და 2 ქვედა კამერა გამოიყენება. თუმცა, განსხვავებით Apple-ისგან, Samsung-ი მართვის ალტერნატიულ მეთოდს, ე.წ. კონტროლერებს გთავაზობთ. უბრალოდ, მათი ფასი $250 დოლარია, რაც Galaxy XR-ის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში საერთო ღირებულებას $2,050 დოლარამდე იზრდება. Vision Pro-ს მსგავსად, მოწყობილობის თვალით კონტროლის, ასევე მრავალი აპლიკაციის პარალელურად გახსნისა და კონკრეტულ ვირტუალურ სივრცეში ფიქსაციის ფუნქციასაც ვხვდებით. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც გახსნით აპლიკაციას, ის სათვალის ნებისმიერ ჯერზე გახსნისას, იმავე ადგილზე დაგხვდებათ.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, Galaxy XR Qualcomm-ის Snapdragon XR2 პროცესორითაა აღჭურვილი. სათვალეში კი 2 4K რეზოლუციის მიკრო-OLED ეკრანია განთავსებული, რომელთა განახლების სიხშირეც მხოლოდ 90 ჰერცია. შედარებისთვის, Vision Pro-ს შემთხვევაში განახლების სიხშირე 120 ჰერცს აღწევს, რაც, დღესდღეობით, მსგავსი ეკრანებისთვის სტანდარტად მიიჩნევა. Galaxy XR-ს აქვს 16 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ხოლო თავად მეხსირების მოცულობა 256GB-ს არ სცდება. უნდა ვახსენოთ წონაც, რომელიც გარე 545 გრამს შეადგენს, მას კი 302-გრამიანი გარე ბატარეის წონაც ემატება. თავად ბატარეა კი 2 საათს ძლებს. Samsung-ის სათვალე Wi-Fi 7-ითა და Bluethooth-ით არის აღჭურვილი. აქვს ორი ძირითადი ხმის გამაძლიერებელი, რომლებიც Vision Pro-ს მსგავსად, ყურის სიახლოვესაა განთავსებული. ასევე ვხვდებით 6 მიკროფონს, რათა მომხმარებლისთვის კომუნიკაცია გამარტივდეს.

სამხრეთ-კორეულ ტექ-გიგანტს, Apple-ისაგან განსხვავებით, საკუთარი ეფექტური და მრავალფუნქციური AI ასისტენტი არ ჰყავს, ამიტომ კომპანიამ დახმარებისთვის Google-ს მიმართა და არამარტო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Gemini, არამედ მის ძირითად აპლიკაციებზე წვდომაც მიიღო. იმას გარდა, რომ Gemini თქვენი ნებისმიერ კითხვის საპასუხოდ იქნება მზად, თქვენ გექნებათ წვდომა Google-ის სურათებზე, ასევე რუკაზე და ყველა სხვა პროდუქტზე, რასაც ტექ-გიგანტი ფლობს.

კიდევ ერთი მიმართულება, რა კუთხითაც Samsung-ი Vision Pro-სთან შევა კონკურენციაში, ფილმებისა ვიდეოების ყურების სერვისია. Galaxy XR-ის შეძენისთანავე მომხმარებელს გაუაქტიურდება Youtube-ის 1-წლიანი პრემიუმ პაკეტი და შესაძლებლობა ექნება NBA-ის ლიგის სრული სეზონი უფასოდ ნახოს. პარალელურად, შეგეძლებათ ფილმების ყურება Netflix-ის აპლიკაციით. რაც შეეხება თამაშების მიმართულებას, ამ კუთხით Samsung-ის ჭვკიანი სათვალე Vision Pro-ზე უპირატეს პოზიციაში დგება, რადგან, მას Google Play-ს მრავალფეროვან კატალოგზე სრული წვდომა ექნება. ამასთან, Galaxy XR-ის შეძენით თქვენ გაგიაქტიურდებათ Google Play Pass-ის 1-წლიანი პაკეტიც.
კიდევ ერთი მიმართულება, რა კუთხითაც Galaxy XR ამერიკული კონკურენტის პროდუქტს მოგვაგონებს ფოტოგალერეა და მასში ინტეგრირებული 2D ფოტო-ვიდეო გამოსახულება. კომპანიის მიერ შექმნილ საიმიჯო ვიდეოში ჩანს, რომ სისტემა 1D ფაილებს თავად გარდაქმნის მრავალგანზომილებიან გამოსახულებად, რათა მომხმარებელს იმერსიის შეგრძნება გაუჩნდეს და დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ფოტოც და ვიდეოც მის ოთახში ცოცხლდება.

რაც შეეხება Galaxy XR-ის სუსტ მხარეებს, ამ კუთხით სასაუბრო ცოტა ნამდვილად არ გვაქვს. იმას გარდა, რომ Vision Pro-ს კონკურენციაზე პრეტენზიის მქონე მოწყობილობა მხოლოდ 2 საათს ძლებს, თავად მის შესაქმნელად გამოყენებული მასალაც გაცილებით ნაკლებად ხარისხიანია, გამოსახულება კი არც ისე მკვეთრი და რეალობისმაგვარი, როგორიც Apple-ის ჭკვიანი სათვალის შემთხვევაში. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ნაკლები წონის მიუხედავად, Galaxy XR-ი თავზე სრულად კომფორტულად ვერ თავსდება და იგრძნობა, რომ ის ერთიან სტრუქტურაზეა აგებული. ამ კუთხით, Vision Pro-ს მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი თავის სამაგრი გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მომხმარებელს.

ღონისძიების მიწურულს Samsung-ისა და Google-ის წარმომადგენლებმა Android XR, ახალი ჭკვიანი სათვალეც დააანონსეს, რომელიც Warby Parker-თან, Xreal-თან და Gentle Monster-თან თანამშრომლობით 2026 წელს გამოვა და პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Meta-ს Ray-Ban სათვალეს.



























