ექვსჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება 2024 წლის პირველ ივლისს უნდა დაიწყოს. ეს ინფორმაცია აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილსაც, მაგრამ მისივე ცნობით, ამ დრომდე გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს.
„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები არ გაქვს იმაზე, რომ ამოქმედდება; ასევე ვიცით, რომ ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ ამის იქით კითხვები რჩება. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, რაზედაც სემეკთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და გვსურს, ფართომასშტაბიანი შეხვედრა მოეწყოს ბაზრის მოთამაშეებსა და მთავრობას შორის, რათა გასაგები გახდეს, ზუსტად რა ფორმით ამოქმედდება 1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟა“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარის თქმითვე, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელიც ევროდირექტივების ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში გამჭვირვალე და დერეგულირებული ბაზარი ჩამოყალიბდეს.
„მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ბირჟა ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს, რადგან მესმის სახელმწიფოს წუხილიც, რომ ბირჟის ამოქმედებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის ფასი გაზარდოს და მომხმარებელი დაზარალდეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში {ენერგეტიკული ბირჟა} ეტაპობრივად ამოქმედდა“, - დასძინა გიორგი აბრამიშვილმა.
Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვითაც, ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. კერძოდ:
1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული
ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის.
2) მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.
საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით, ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამოდენიმე წელი დასჭირდება. პირველ ეტაპზე, ვაჭრობა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყოს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება. სექტორის მოთამაშეები ბირჟის ეტაპობრივად ამოქმედებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ერთიანი ამოქმედება ნაჩქარევი იქნებოდა არსებული რისკების გათვალისწინებით.