ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში, ნახევარი ნაბიჯი რჩება კანდიდატის სტატუსის დაკარგვამდე,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სინამდვილეში, ასოცირების ხელშეკრულებაც,ვიზა ლიბერალიზაციაც, თავისუფალი ვაჭრობაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო ევროკავშირთან პოლიტიკურად დასაახლოებლად და წევრობისთვის მოსამზადებლად.
"ეს იყო მთავარი და რჩება უმთავრეს ამოცანად!!! ევროკავშირში წევრობაა ჩვენი ამოცანა, და მხოლოდ იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ რაც ამ გზაზე გვეხმარება, რაც გვაახლოებს ჩვენს მიზანთან და გადარჩენასთან.
სხვა ყველაფერი სინამდვილეში მეასეხარისხოვანია.
საქართველოს ევროკავშირში წევრობა სჭირდება, ჩვენი გადარჩენის, სახელმწიფოს და იდენტობის შენარჩუნების გზა სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე გადის, მის იქით და მის გარეშე ავტორიტარული, დიდწილად შოვინისტურ-ფაშისტური სამეზობლოსგან გადაყლაპვა გვემუქრება.
ნუ დავიყვანთ ყოველი ჩვენგანისთვის, ყველა თაობის ქართველისთვის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას ეიფელის კოშკთან ფოტოს გადაღებამდე ცოტა მეტი სერიოზულობა არავის გვაწყენდა ამ საქმეში.
ხოდა ვიზალიბერალიზაცია უნდა შევინარჩუნოთ, კანდიდატის სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ქოცების დღევანდელმა ბოროტებამ გამოუსწორებელი შედეგები არ მოიტანოს.
ფოკუსი უნდა გავასწოროთ, თორემ შემოგვეფცქვნება ხელზე ის მცირედიც რაც ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს",- წერს თინა ხიდაშელი.




























