მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვხედავთ საქართველოს მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს - კალასი

კაია კალასი

"განსხვავება არის ის, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას", - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას შეეხებოდა.

კერძოდ, ჟურნალისტმა კალასს ჰკითხა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც მთავრობა იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. მსგავსი ნარატივებია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი იმაზე, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა ამ პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში თუ ეს თქვენი პოლიტიკის ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ.

"რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში. რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ როცა ერთი მხრივ საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ სანამ გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება", - განაცხადა კალასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები