რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საქმიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს შეხვდება.
მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთშიც ჩავა, სადაც ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პუტინი ამ ქვეყნებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა. ამასთან, გასათვალისწინებელია კონტექსტიც, რადგან ამ დღეებში, დუბაიში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი კონფერენცია - COP28 იმართება, სადაც ბუნებრივ წიაღისეულზე მოთხოვნის შემცირებას განიხილავენ.
არაბულ ქვეყნებში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მთავარ საექსპორტო საქონელს - ნავთობს, რომლითაც ის უკრაინაში მიმდინარე ომს აფინანსებს. კი, რუსული ნავთობი სანქცირებულია და ბევრმა სახელმწიფომ მის შესყიდვაზე უარი განაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინეთმა და ინდოეთმა გაიაფებული რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს.
პარალელურად ამისა, ერთგვარი კრიზისი შეინიშნება ნავთობმომპოვებელთა ქვეყნების ორგანიზაციაში. OPEC-ში არსებული განხეთქილების ერთ მხარეს რუსეთსა და საუდის არაბეთს ვხედავთ, რომელთაც ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება და, შესაბამისად, ფასების ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე დასტაბილურება სურთ, ხოლო მეორე მხარეს შედარებით ღარიბი ქვეყნები არიან, რომლებიც ნავთობის მაღალი ფასით პირდაპირ ზიანს იღებენ.