საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებული სტრუქტურის რეფორმირებისა და უფრო ეფექტიანი მოდელის შექმნაზე. ამის შესახებ გოგოლაძემ პრესკონფერენციაზე, BM.GE-ს კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
BM.GE-ს კითხვაში ხაზგასმული იყო რესურსების ხარჯვის ეფექტიანობა და შესაძლო აუდიტის საჭიროება, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ფეხბურთის განვითარების ფონდმა ₾33 მილიონზე მეტი ბიუჯეტიდან მიიღო.
„აუდიტი ტარდება…. მე თავად ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც 2015 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფციის თანაავტორი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფონდმა თავისი როლი შეასრულა სახელმწიფო რესურსების ხარჯვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გოგოლაძემ.
მინისტრმა ბოლო წლებში ქართული საფეხბურთო კლუბების წარუმატებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მისი დანიშვნისთანავე ის კლუბებს შეხვდა და კომისია, რომელიც ფედერაციის და კლუბებისგან არის დაკომპლექტებული, პრობლემის აღმოფხვრაზე და ფონდის რეფორმირებაზე მუშაობს.
„ჩემი დანიშვნის შემდეგ კლუბებს შევხვდი… გვაქვს კლუბების და ფედერაციის კომისია, რომელთან ერთადაც ვმსჯელობთ ფონდის რეფორმირება-რეორგანიზაციაზე. შესაძლოა შეიცვალოს მისი დაფინანსების ფორმა ან მიმართულება, თუმცა ამ ეტაპზე დაფინანსება აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის. ის წარმატება, რომელიც გულშემატკივარს სურს, ქართული კლუბის გამოსვლა ევროტურნირებზე - სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგი უნდა გახდეს“, - განაცხადა გოგოლაძემ.
მისი თქმით, რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ განხილვების საფუძველზე მიიღება.




























