TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იგეგმება. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში განაცხადა.
თეა ზაქარაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სასწრაფოდ დასაწყებია გაფართოების სამუშაოები, რათა ინფრასტრუქტურამ გაზრდილ მგზავრთნაკადს სათანადოდ უპასუხოს.
15 იანვარს ADP-ის წევრ TAV Georgia-ს თბილისის აეროპორტის მართვის ვადა 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. TAV Georgia ასევე მართავს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, რომელთან დაკავშირებული კონტრაქტიც 2027 წლის აგვისტოში სრულდება.
“2025 წელს ჩვენ ბათუმში გვქონდა 45-პროცენტიანი მატება და წელი 1 200 000 მგზავრით ჩავხურეთ. ეს ძალიან დიდი რიცხვია, იმიტომ რომ თვითონ რეგიონშიც ტურიზმის მატება იყო და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტი გამართული იყოს. შესაბამისად, გაფართოების სამუშაოები სასწრაფოდ არის დასაწყები. თქვენ იცით, რომ ბათუმის აეროპორტის სიმძლავრე მაქსიმუმ 1.4 - 1.5 მილიონია. ვფიქრობთ, რომ უკვე ბათუმის აეროპორტში 2026 წელს 1 მილიონ 350 ათასიდან 1 მილიონ 400 ათასამდე მგზავრი გვეყოლება და ამიტომ, სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო გაფართოება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაფართოება. უკვე წელს ვამატებთ ოთხ სარეგისტრაციო დახლს. ასევე, ვაფართოებთ, ტერმინალს ვასუფთავებთ ზედმეტი ოფისებისგან და ვქმნით ახალ რიგების არეალს, რომ მგზავრის ცირკულაციისთვის უფრო მოწესრიგებული გვქონდეს. ასევე ვქმნით და ვაშენებთ ახალ ფართებს თანამშრომლებისთვის, საოფისე ფართებს, რომ შევძლოთ ეს ოფისები გარეთ გავიტანოთ და შესაბამისად მგზავრებისთვის უფრო დიდი ადგილი იყოს. ეს ყველაფერი ბათუმში უკვე დაწყებულია, თუმცა საკმარისი არ არის.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ვმუშაობთ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტზე. მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ სამ-ოთხ თვეში ჩვენ შევძლებთ ასევე ამ პროექტის წარდგენას. თუ იქნება მოწონებული, უკვე მზად ვართ, რომ დამატებითი ინვესტიცია ჩავდოთ, რომლის მოცულობასაც პროექტის დადასტურების შემდეგ გავაჟღერებთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმშიც საკმაოდ კარგი ინვესტიცია იქნება. ვფიქრობთ, რომ ტერმინალის გაფართოებას სასწრაფოდ საჭიროებს და ასევე სასწრაფოდ დასაწყებია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია”,- აღნიშნა თეა ზაქარაძემ.



























