მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ მომავალი წლიდან IMF-ის არსებული პროგრამა განახლდეს, ან ახალი დაიწყოს - კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ IMF-ის შეჩერებული პროგრამა მომავალი წლიდან არსებული, ან ახალი ფორმით დაიწყება. კაკაურიძემ BMG-ის საკითხის კომენტირებისას უთხრა, რომ ოქტომბერში გაიმართება მსჯელობა, თუ რომელი ფორმა უფრო მისაღებია.

„დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ახალი პროგრამა დაიწყება, თუ არსებული გაგრძელდება. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სავალუტო ფონდის მისიას. რამდენიმე დღის წინ შევხვდით და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალი წლიდან ან არსებული პროგრამა განახლდეს, ან ახალი დაიწყოს. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, პროგრამის განახლება არ მოხდება. ალბათ ოქტომბერში, წლიური შეხვედრა იქნება და იქ გაიმართება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.

მაშინ ჩამოვყალიბდებით ერთობლივად, არსებული პროგრამა ჯობია, თუ ახლის დაწყება. ვფიქრობ, ახლის დაწყებაც შესაძლებელია და არსებულის განახლებაც. ამ პროგრამიდან ჩვენ რაიმე ფინანსური რესურსის მიღებას არ ვგეგმავდით და ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს. შინაარსი და მიზანი არ შეიცვლება. ოქტომბერში, წლიურ შეხვედრაზე გახდება ცნობილი დეტალები, თუ რას ფიქრობენ, როგორ უნდა შეიცვალოს მმართველობითი სტრუქტურა ეროვნულ ბანკში და ა.შ. ალბათ ამაზე ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმსჯელებთ.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები