მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Volkswagen-ი ჩინეთიდან რუსეთში პარალელური იმპორტის აკრძალვა სურს, რისთვისაც ჩინური სადილერო კომპანიების „შავ სიას“ ადგენს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი წერს. თავის დროზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, Volkswagen-ი ერთ-ერთი იყო იმ მრავალრიცხოვანი ავტომწარმოებელთაგან, რომელთაც რუსეთში საკუთარი ქარხნები დახურეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსულმა სადილერო კომპანიებმა გამოსავალს მაინც მიაგნეს და ქვეყანაში ავტომობილების შემოსაყვანად ჩინურ დილერებს მიმართეს.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, Volkswagen-ს ჩინურ კომპანიებზე დიდი გავლენის მოხდენის საშუალება არ აქვს, რადგან იქ, გერმანული კონგლომერატი ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობს, ერთობლივი საწარმოების საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში. მიუხედავად ამისა, Volkswagen-ს შეუძლია გადაწყვიტოს, ვის მიყიდის მანქანებს და ვის არა, რისთვისაც ე.წ. „შავ სიებს“ ქმნის. ამგვარ მიდგომას სხვა ავტომწარმოებლებიც იყენებენ, მათ შორის იაპონური Toyota-ც.