მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Volkswagen ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის ნაწილების წარმოებაზე მოლაპარაკებებს მართავს

Volkswagen1

გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც კომპანიის ერთ-ერთი ქარხანა ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემების საწარმოო ჰაბად გადაკეთდება.

Financial Times-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ისრაელის თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Rafael-თან მიმდინარეობს და მიზნად ოსნაბრიუკის ქარხანაში „რკინის გუმბათის“ კომპონენტების წარმოების დაწყებას ისახავს. ანალიტიკოსები ამ შეთანხმებას გერმანიის ავტოსექტორში არსებულ კრიზისს უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ ჩინურ ელექტრომობილებთან გართულებული კონკურენციის გამო, კომპანიებმა საკუთარი რესურსის ალტერნატიული მიმართულებით გამოყენება დაიწყეს.

არსებული გეგმის თანახმად, ქარხანა „რკინის გუმბათის“ საკვანძო ელემენტებს დაამზადებს, მათ შორის გამშვებ პლატფორმებს, კვების ბლოკებსა და მძიმე ტექნიკას სარაკეტო სისტემების ტრანსპორტირებისთვის. წარმოება, სავარაუდოდ, 12-დან 18 თვემდე პერიოდში დაიწყება. საგულისხმოა ისტორიული კონტექსტიც. მეორე მსოფლიო ომის დროს Volkswagen-მა ავტომობილების გამოშვება ანალოგიურად შეაჩერა, თუმცა მაშინ მიზანი ნაცისტური გერმანიისთვის შეიარაღების წარმოება იყო.

შეგახსენებთ, რომ გერმანია ისრაელის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია და მასზე იმპორტირებული იარაღის დაახლოებით 30% მოდის. დეკემბერში ბერლინმა ისრაელისგან $3.1 მილიარდი დოლარის ღირებულების Arrow 3-ის სისტემების შესყიდვა დაამტკიცა, რამაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი კავშირები კიდევ უფრო გააღრმავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები