მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან" - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება. ამის შესახებ მან უზბეკეთში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად.

„ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს სერიოზული ახსნა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში, კონკრეტულ კადრებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან “, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. ყველაზე მეტი მოქალაქე 74 პირი ლიეტუვამ დაასანქცირა. შემდეგ მოდის ესტონეთი 55 სანქცირებული პირით, ხოლო ლატვიამ ჯამში 16 პირი დაასანქცირა. ლიეტუვას და ლატვიას ჯერჯერობით სანქცირებული პირების სია არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება ესტონეთს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვები დაუწესეს პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და სხვებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების სამართლებრივ დევნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები