პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერს უკრაინის მიერ საქართველოდან დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ ჰკითხეს. კობახიძის თქმით, უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ელჩთან დაკავშირებით და ეს საკითხი უკრაინის ხელშია.
"ჩვენ ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ, ეს არის უკრაინის ხელში. ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით: ერთი, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. ამის შემდეგ ჩვენი ელჩი უკრაინაში პრაქტიკულად გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს ის ელჩია, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყებიდან. იყო არაერთი, მათ შორის დასავლური, ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველი დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია. ეს მათი საქმე იყო, რა თქმა უნდა, ვერავის გავაკრიტიკებ. საქართველოს ელჩი ბოლომდე რჩებოდა კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს და ჩვენს ქვეყანას. ეს სწორი არაა და ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, იმიტომ, რომ ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს, ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანას - უკრაინას",- თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პირველი საკადრო გადაწყვეტილებების ფარგლებში საქართველოდან დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. უკრაინას 2022 წლიდან საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევის გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ მარტს მიიღო, რის შემდეგაც საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი გახდა. მოგვიანებით ზელენსკიმ 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გაათავისუფლა. ანდრეი კასიანოვს დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა, რის გამოც საქართველო დატოვა. მიხაილო ხარიშინი კი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულად მიმდინარე წელს დაინიშნა.