საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში მოხდება. BMG TV-ის ეთერში ლეჟავამ განაცხადა, რომ ბანკის შესაძლო მყიდველებლთან დაკავშირებით ინფორმაცია და ბანკის ინვესტორის შესახებ საზოგადოება ტრანზაქციამდე გარკვეული პერიოდით ადრე შეიტყობს.
“VTB ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან. როდესაც ტრანზაქცია დაანონსდება, ეს იქნება სრულ შესაბამისობაში სანქციებთან და ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში.
ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყიდის “ვითიბის” ლიცენზიას და მასში დარჩენილ აქტივებს.




























