მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვწუხვარ, რომ კანონი ჩვენი მხარდაჭერის სტიგმატიზებას მოახდენს და საქართველოს დახმარებაში ხელს შეგვიშლის - ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი bm.ge-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველა დახმარებას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი საქართველოს უწევს და არა მხოლოდ, ახალი კანონის ფარგლებში იარლიყი მიეკერება, რაც არასწორია.

ელჩის თქმით, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, თუმცა თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, ეს პროცესი გართულდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პროცესებს დეტალურად ვაკვირდებით და ჩვენი წუხილი ისაა, რომ ამ კანონმა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ახლა არის წარმოდგენილი, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაზე და საქართველოს პროგრესზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი აღარ არის, შესაბამისად ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ გაერთიანებული სამეფოს პოზიცია საქართველოს მიმართ ნათლად გამოჩნდა იმ ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს აკავშირებს - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობად.

ჩემთვის, სუვერენიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელიც ფესვებს - დემოკრატიაში უნდა ვეძებოთ. სუვერენიტეტი ისაა, როცა ქვეყანას შეუძლია საკუთარი გზა აირჩიოს. იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ევროკავშირის შესახებ ვთქვი, ვიტყვი, რომ გაერთიანებული სამეფო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში და NATO-ში. ევროკავშირის გარედან ამის თქმა იმიტომ შემიძლია, რომ ევროკავშირი დემოკრატიასა და სუვერენიტეტის აღიარებას ეფუძნება. ყველა გამოკითხვა, რომელსაც ვკითხულობ, ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირსა და NATO-ს ირჩევს. ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ მისი მიზანია ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანდეს და ეს თქვენს კონსტიტუციაშიც წერია. თუ მსურს, საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დავუჭირო და თქვენ გსურთ, ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ”, - ამბობს ელჩი.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერის მიმართ პოზიციას არაფერი შეცვლის. გარდა ამისა, მარკ კლეიტონის თქმით, აღნიშნული კანონი ჯერაც კანონპროექტის ფორმას ატარებს და ჯერაც განიხილება, მაგრამ მის შინაარსთან დაკავშირებით საზოგადოების მხარეს დიდი წუხილი შეინიშნება.

„საქართველოს პოლიტიკურ მმართველობასთან კანონზე და მის გავლენაზე დაკავშირებით საუბარს გავაგრძელებ და უნდა ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ერთი, რასაც ვიტყვი ისაა, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, სრულად გადაჯაჭვულია საქართველოში ჯანსაღი და ენერგიით სავსე დემოკრატიის არსებობასთან. ევროკავშირის მოთხოვნებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო NATO-ს მოთხოვნებზე, რადგან გაერთიანებული სამეფო ალიანსის ძლიერი წევრი სახელმწიფოა - გეტყვით, რომ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება ალიანსში გასაწევრიანებლად არის საჭირო, ძალიან მსგავსია იმისა, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული სტანდარტის კუთხით ითხოვს.

ფუნდამენტურად გვჯერა, რომ ჯანსაღი, ცოცხალი და ხმამაღალი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი ღია დემოკრატიის ქვაკუთხედია. მსურს დავრწმუნდე, რომ საქართველოში ეს შენარჩუნებული იქნება, რადგან ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თან ყველაფერი ეს უკავშირდება არამხოლოდ იმ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც სახელმწიფოს სერვისების მიწოდებაში ეხმარება, არამედ ყველაფერს, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიმართულებით - ამ ყველაფერს, ამ კანონის ფარგლებში, იარლიყი მიეკერება, რაც ჩემი აზრით, არასწორია. არ ვიცი, რა შედეგს მივიღებთ, მაგრამ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას. თუმცა ალალად რომ ვთქვა, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, ეს პროცესი გართულდება. ყველაფერი, რასაც გაერთიანებული სამეფო საქართველოში აკეთებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ემსახურება. ვწუხვარ, რომ დღევანდელი ფორმით, ეს კანონი, ჩვენი მხარდაჭერის სტიგმატიზებას მოახდენს და საქართველოს დახმარებაში ხელს შეგვიშლის“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები