მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვწუხვართ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო - სახდეპის წარმომადგენელი

ობრაიენი
BM. GE
22.09.23 12:19
81
სტატიაში საუბარია:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციებისადმი მიდგომის შეცვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია". ამის შესახებ ელჩი ო'ბრაიენი ​"აქცენტისთვის" მიწოდებულ წერილობით კომენტარში საუბრობს.

ო'ბრაიენი წუხილს გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო და სანქციების რისკის შესახებ აფრთხილებს მათ, ვინც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს განახორციელებენ.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს დემოკრატიული ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქცა. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ყოველთვის იცავდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილების გამო, თანამდებობები დატოვეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა, ასევე სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები