მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვუბრუნდებით 15 წლის წინანდელ მდგომარეობას, საიდანაც ძლივს გავიქეცით|პოლიტოლოგი ევროკომისიის ანგარიშზე

კორნელი კაკაჩია

„ფაქტობრივად, საქართველო ჩამოშორდა გაფართოების კანდიდატი ქვეყნების რიგს და ვუბრუნდებით 15 წლის წინანდელ მდგომარეობას, როდესაც საქართველო მოიაზრებოდა არა როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, არამედ სამხრეთ კავკასიის კალათის წევრი, საიდანაც ძლივს გავიქეცით“ - ასე აფასებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ამფუძნებელი კორნელი დკაკაჩია ევროკომისიის გაფართოების 2025 წლის ანგარიშს საქართველოს შესახებ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

„ეს ახალი არ ყოფილა - ველოდით მსგავს შედეგს,“ – აცხადებს პოლიტოლოგი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და საზოგადოებას შეახსენებს გაფართოების ანგარიშის შინაარსს, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, მაშინ როცა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სხვა კანდიდატ ქვეყნებს რეალური პროგრესი აქვთ.

„ფაქტობრივად, საქართველო ამ ეტაპზე ჩამოშორდა გაფართოების კანდიდატი ქვეყნების რიგს და აქ დასახელებული იყო ოთხი სახელმწიფო, რომელსაც აქვს რეალური შანსი - მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა“, - ამბობს კაკაჩია.

ამასთან, მიუხედავად მკვეთრად კრიტიკული ტონისა, პოლიტოლოგი ევროკომისიის ანგარიშში ერთ პოზიტიურ ასპექტსაც ხედავს - ევროკავშირი, მისი თქმით, ბოლომდე არ თმობს საქართველოს და კვლავ ქართველი ხალხის იმედად რჩება.

„კარგი ის არის, რომ ევროკავშირი ბოლომდე არ ეშვება ქართველ ხალხს. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი ცვლილებებისა, თუნდაც არა მოკლევადიან, მაგრამ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რომელიც საქართველოში არის, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში მოამზადა. მათ შეეძლოთ, საერთოდ არ მოემზადებინათ [დოკუმენტი] და ყველა იმედი გადაეწურათ... თვითონ ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, რომ თუ იქნება სისტემური ცვლილებები ქვეყანაში, [ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა]“ – აღნიშნავს ის.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ახლა გადამწყვეტი როლი ქართულ საზოგადოებას ეკისრება. „საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნება სისტემური ცვლილებები, ტრანსფორმაცია ვერ მოხდება. ეს ყველაფერი ხალხის სურვილზეა დამოკიდებული“, - ამბობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები