PMCG ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტს უერთდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა და მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს.
"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ამოიღოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, წარმოადგენს ყოვლად მიუღებელ და პროვოკაციულ ნაბიჯს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს პოზიციებს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით და ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელია საქართველოს პროგრესისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მათთან დიალოგი და თანამშრომლობა უნდა ხორციელდებოდეს უწყვეტად, ყველა შესაძლო არხით. ვუერთდებით პროტესტს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სრულად გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აღკვეთოს ძალადობა მომიტინგეებზე, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მიუღებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა ყველა შესაძლო მექანიზმით.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა, და ამ გზის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის არჩევანის უპირობო აღსრულებას წარმოადგენს",- წერია PMCG-ის განცხადებაში.