მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვვარაუდობ, შემოდგომაზე გაცხადდება ყაზახეთის მონაწილეობაზე ანაკლიის პორტის პროექტში - ლევან სულაბერიძე

64bce7473765c
სალომე ხიდურელი
23.07.23 14:30
1052
შუა აზიის ქვეყნების ლიდერებისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს პირველი სამიტის მიმდინარეობას ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ყაზახური მხარე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) პოტენციალის გაზრდას ანიჭებს უპირატესობას და ამით ქვეყნის ენერგორესურსების სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

რა როლი უჭირავს საქართველოს ტრანსკასპიურ დერეფანში - ამ საკითხზე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საუბრობს.

„ყაზახეთი მართლაც ძალიან სერიოზულად მუშაობს ამ თემებზე და ეს არის გაცხადებული პოლიტიკური კურსი. კერძოდ იმაზე, რომ მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია და შეინარჩუნოს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული ფუნქცია, განსაკუთრებით ჩინური ტვირთისთვის.

დერეფანი ძალიან ბევრი ქვეყნისგან შედგება და საქართველო მნიშვნელოვანი კომპონენტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ჩვენი ტერიტორიის გავლით ხდება ეს ყველაფერი, არამედ იმიტომაც რომ აქ კონტეინერი იცვლება და რკინიგზიდან გადადის საზღვაო ტრანსპორტზე“, - ამბობს ლევან სულაბერიძე და დასძენს, რომ ქართული მხარე გაზრდილ ტვირთბრუნვას მომზადებული უნდა დახვდეს.

მისივე თქმით, ქართულმა ბიზნესმა სწორად უნდა იმოქმედოს და ტვირთნაკადს ევროპამდე გადაზიდვის მოქნილი, ხარისხიანი მექანიზმი შესთავაზოს, რათა ქვეყანამ გადაზიდვის დროის შემცირებას შეუწყოს ხელი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განავითაროს.

კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება ანაკლიის პორტში ყაზახური ინვესტიციის განხორციელებას, სულაბერიძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ქართულ და ყაზახურ მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს.

„ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ძალიან დიდი დელეგაციით იმყოფებოდა საქართველოში და ალბათ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით.

არ არსებობს ზედმეტი ინფრასტრუქტურა. არ შეიძლება, ჩვენ 5-7 წლის პერსპექტივაში ვაშენოთ ჩვენი მომავალი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხედვა უნდა იყოს იმაზე, რომ მოთხოვნა, ტვირთბრუნვა გაიზრდება და უნდა დავგეგმოთ, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს 15-20 წელი. ვვარაუდობ, შემოდგომაზე გაცხადდება რას გეგმავს ჩვენი მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რა მონაწილეობა ექნება ყაზახურ მხარეს ამაში - ამის შესახებ მხოლოდ ყაზახური მხარისგან ვიცი“, - აცხადებს სულაბერიძე.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები