მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავ, რომ ყველას უნდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... ეს ახლა პოლიტიკოსების ხელშია - მარინა კალიურანდი

632c370a4cb41
სალომე მათიაშვილი
22.09.22 15:00
453
რასაც ვხედავ არის ის, რომ ყველას უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს ახლა პოლიტიკოსების ხელშია, რომ ქართველი ხალხის სურვილები რეალობად იქცეს, - ამის შესახებ BM.GE-ს ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, როგორ ართმევს თავს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას, კალიურანდი პასუხობს, რომ მას ჰქონდა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, „ქართულ ოცნებასთან“, მთავრობის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. „შემიძლია ვთქვა, რომ ვხედავ მზაობას, მუშაობის გასაგრძელებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ორივე მხარისგან ვალდებულების აღება, სჭირდება „ქართული ოცნების“ ვალდებულება, რომ მოუსმინოს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მხარეებმა იგრძნონ, რომ მათ უსმენენ. ოპოზიციის მხრიდან კი საჭიროა კონსტრუქციული ჩართულობა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რაც შეეხება საკითხს, ხედავს თუ არა ის მხარეების მზაობას, მარინა კალიურანდი პასუხობს: „რასაც ვხედავ არის ის, რომ ყველას უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს ასპირაციის შესახებ. ეს ყველაფერი ახლა პოლიტიკოსების ხელშია, რომ ქართველი ხალხის სურვილები რეალობად იქცეს“.

ევროპარლამენტარი საქართველოს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს, რაც რეფორმების გატარებას ეხება.

„ესტონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო, საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ 1991 წელს. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით ევროკავშირის და ნატოს წევრები. ძალიან ბევრი წელი დასჭირდა იმას, რომ მოლაპარაკებებზე მივეწვიეთ. 1990-იანი წლების ბოლოს მიგვიწვიეს მოლაპარაკებებზე და ორგანიზაციის წევრები მხოლოდ 2004 წელს გავხდით. ამ დროის განმავლობაში რეფორმებს ვატარებდით და ის, რაც შესაძლებელია ქართველი პოლიტიკოსებისთვის იყოს შთამაგონებელი, არის, თუ როგორ გაერთიანდნენ ესტონელი პოლიტიკოსები. ყველა მათგანი, სხვადასხვა პარტიიდან, სხვადასხვა ინტერესების მქონე, გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის, რომ შევერთებოდით ევროკავშირსა და ნატოს. ასე რომ ეს შესაძლებელია, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნებისა და ერთიანობის საკითხია, რომ ეს პრიორიტეტი უფრო მაღლა იდგეს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ხოლო რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ის კრიტიკული რეფორმები, რომლებიც საქართველოს უნდა გაეტარებინა, მარინა კალიურანდი შარლ მიშელის შეთანხმებას იხსენებს.

„ვფიქრობ, რომ 23 ივნისის შემდეგ ყველაფერი ნათელია. მანამდე გვქონდა შარლ მიშელის შეთანხმება, ახლა გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაციები. ყველაფერი ნათელია, აქ ახალი არაფერია, მართლმსაჯულება, საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო ცვლილებები, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. მე ახალს არაფერს ვამბობ, ყველაფერი რეკომენდაციებშია ჩაწერილი“, - ამბობს ევროპარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები