კომპანია “რუხი დედოფლის” თაფლი კატარში, “Spar Qatar”-ის ყველა ობიექტში გაიყიდება.
როგორც "რუხი დედოფლის" დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ bm.ge-ს განუცხადა, კომპანიამ პარტნიორებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კატარში უკვე სამი ტონა თაფლიც გაგზავნა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოსა და კომპანია "სპარს" შორის თანამშრომლობის შედეგია. “რუხი დედოფლის” გარდა, კატარში “ჯარას” თაფლიც არის წარმოდგენილი.
“2021 წლის მარტში, დოჰაში არსებულ AgriTech ღონისძიებაზე ჩვენი ოთხივე სახეობის თაფლი წარვადგინეთ, ექსპორტთან დაკავშირებით შემოთავაზება პირველივე დღეს მივიღეთ; კატარში ექსპორტი მცირე რაოდენობით აქამდეც გვქონდა, რამდენიმე დღეში ინვესტორი ჩამოვიდა, ჩვენი საწარმო დაათვალიერა და 3-წლიან კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ. თაფლის გაგზავნას ვაგრძელებთ და ყოველთვიურად გარკვეულ მოცულობას გავგზავნით”, - განმარტავს “რუხი დედოფლის” დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის: “რუხი დედოფლის” თაფლის საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანიის წარმადობა წლიურად 8 ტონა თაფლია.




























