ჰიპერმარკეტების ამერიკული მეგაქსელის, Walmart-ის მემკვიდრე ქრისტი უალტონი მილიარდერთა იმ მცირე ჯგუფს შეუერთდა, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან.
გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის უალტონმა, რომელიც Walmart-ის დამფუძნებლის ვაჟის ქვრივია და $19.3-მილიარდიან ქონებას ფლობს, New York Times-ის გაზეთის სრულ გვერდზე სარეკლამო მასალა განათავსა, რომლითაც მკითხველებს შაბათს, 14 ივნისს ტრამპის წინააღმდეგ მობილიზებისკენ და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა. აღნიშნული რეკლამა ერთგვარი გაგრძელებაა იმ კომერციული მასალისა, რომელიც უალტონმა The Times-ს მარტში დაუკვეთა.
რეკლამის სათაურია "No Kings", რაც იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე მიანიშნებს, რომელიც აშშ-ის მასშტაბით ტრამპის საწინააღმდეგო ასობით პროტესტს აორგანიზებს, მათ შორის 14 ივნისსაც, როდესაც ტრამპის სამხედრო აღლუმია ჩანიშნული. No Kings-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამავე დღეს ქვეყნის მასშტაბით 1800-მდე საპროტესტო აქციაა ჩანიშნული.
სარეკლამო გვერდზე ასევე ჩამოთვლილია ექვსი პრინციპი, რომელსაც უალტონი იცავს. მათ შორისაა "ვეტერანებსა და ბავშვებზე ზრუნვა", "დიქტატორის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა", "ქვეყნის ღირსებისა დაცვა" და სხვა.

როგორც უალტონთან დაკავშირებულმა ანონიმურმა წყარომ Forbes-თან განაცხადა, სარეკლამო მასალა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მილიარდერისგან "პერსონალური გზავნილია", რომელიც ხალხს 14-ივნისის პროცესებში "მშვიდობიანი" ჩართვისკენ მოუწოდებს: "მისი მესიჯი მხარს უჭერს მშვიდობიან დიალოგს და განსხვავებული ხედვებისა და ხმების გაზიარებას. იგი გმობს ძალადობის ყველა ფორმას და ერთმანეთისთვის მოსმენის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას".
Walmart-ის პრესის გლობალური ოფისის დირექტორმა, ჯო პანინგტონმა აღნიშნა, რომ მემკვიდრის დაკვეთით მომზადებული სარეკლამო მასალა Walmart-თან კავშირში არაა და ქსელს არ წარმოადგენს. თავად უალტონი Walmart-ში არც მმართველთა საბჭოს წევრია და არც გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული. იგი კომპანიაში 1.9%-იან წილს ფლობს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.
უალტონი ერთ-ერთია მილიარდერთა იმ მცირე ჯგუფში, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ. რამდენიმე თვეა აშშ-ში ტრამპის ტარიფების, საემიგრაციო პოლიტიკისა და პრესტიჟულ უნივერსიტეტებზე თავდასხმის გამო პრეზიდენტის მისამართით წინააღმდეგობა იზრდება და მასობრივ პროტესტად იქცევა. ერთ-ერთ ასეთ საპროტესტო აქციას ლოს-ანჯელესში ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის გაგზავნა მოჰყვა.
გაზეთში რეკლამის განთავსების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები Walmart-ის ქსელის ბოიკოტზე ალაპარაკდნენ.




























