მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ავიაციის შემოსავლები 93%-ით აღდგება - IATA

62b48298814ac
მარიამ ვარადაშვილი
23.06.22 20:30
638
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პროგნოზით, წელს მსოფლიო ავიაციის დანაკარგი 9.7 მილიარდი დოლარი იქნება, ოქტომბერში პროგნოზირებული 11.6 მილიარდი დოლარის ნაცვლად. ორგანიზაციის შეფასებით, ეს უზარმაზარი წინსვლაა 2020 წელთან შედარებით, როცა ინდუსტრიის დანაკარგი 130 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 41 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

ამის შესახებ IATA-ს მიერ გამოქვეყნებულ ინდუსტრიის 2022 წლის განახლებულ პროგნოზში წერია, რომელიც ავიაკომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს ეხება. IATA-ს პროგნოზითვე, ავიაციის შემოსავალი წელს 782 მილიარდს მიაღწევს, რაც 54%-ზე მეტია გასულ წელთან შედარებით, ხოლო პანდემიამდელი პერიოდის 93.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფრენების ოდენობას, მოსალოდნელია რომ მათი რაოდენობა ჯამში 33 მილიონს გადააჭარბებს, რაც 2019 წელთან შედარებით 87%-ია (თითქმის 40 მლნ ფრენა).

“კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შემოსავლები მზარდია და ხალხი მოგზაურობას უბრუნდება. 2022 წლის გამოწვევა ფასების კონტროლის ფარგლებში შენარჩუნებაა. მას შემდეგ რაც ინდუსტრია შედარებით ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, მოსალოდნელია, რომ საწვავზე მაღალი ფასი გარკვეული პერიოდი შენარჩუნდება”, - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება სატვირთო ავიაკომპანიების შემოსავლებს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მოლოდინით, ეს მაჩვენებელი 191 მილიარდი იქნება, მაშინ როდესაც 2021 წელს 204 მილიარდ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში მოსალოდნელია, რომ წელს ინდუსტრია 68 მლნ ტონა ტვირთს გადაზიდავს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, პროგნოზი გულისხმობს, რომ ომი უკრაინის საზღვრებს არ გასცდება. ომის ნეგატიურ გავლენად ნახსენებია საწვავზე ფასის ზრდა. IATA-ს ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის საერთო წილი მსოფლიო ავიაციაში 2.3%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები