მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსეთის ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება, უკრაინის - გაიზრდება | WB-ის პროგნოზი

63be7d49e971e
გიორგი თოლორდავა
11.01.23 14:07
660
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2023 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის 3.3%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის ეკონომიკის 3.5%-იანი შემცირებაა პროგნოზირებული; ხოლო რაც შეეხება მომავალ 2024 წელს, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა 1.6%-ით გაიზრდება.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მიზეზად მსოფლიო ბანკი უკრაინის წინააღმდეგ ომს და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ომის საწყის პერიოდში ექსპერტები და, მათ შორის, მსოფლიო ბანკი რუსეთის ეკონომიკის თითქმის 10%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ, თუმცა არსებული მონაცემები გაცილებით უკეთეს შედეგებზე მიუთითებს.

რაც შეეხება უკრაინას, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 35%-ს მიაღწევს, თუმცა 2023 წელს 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდება, 2024 წლისთვის კი 4.1%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

ცნობისთვის, უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დრამატულად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. WB-ის შეფასებით, 2023 წელს გლობალური მშპ-ის 1.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ნაცვლად 3%-ისა.

World Bank-ის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

„ეს გასული 30 წლის რიგით მესამე ყველაზე ცუდი ზრდის შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, გლობალური ფინანსური კრიზისისა და კოვიდპანდემიის შემდეგ. გლობალური ეკონომიკური ზრდა იმდენადაა შენელებული, რომ მსოფლიო ახლა უკვე საკმაოდ ახლოსაა რეცესიასთან“, - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები