"თიბისი კაპიტალი" წელს თხილის წარმოების დაახლოებით 30%-ით შემცირებას ელოდება, ამის მიზეზად ორგანიზაცია უხვ ნალექსა და ფაროსანას გააქტიურებას ასახელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო მოვლის ღონისძიებების გატარება, რამაც თხილის ხარისხზეც უარყოფითი გავლენა იქონია.
TBC Capital-ის კვლევაში, რომელიც კაკლოვან კულტურებს ეხება, ასევე წერია, რომ ფაროსანას შემოსევამ საგრძნობლად გააუარესა წარმოების და ექსპორტის მაჩვენებლები. თუმცა სექტორმა აღდგენა 2019 წლიდან დაიწყო. 2021 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობა - 26%-ით, ხოლო ღირებულება 41%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში თხილის ექსპორტისგან 115 მლნ დოლარი მიიღო.
რაც შეეხება თხილის ექსპორტს თვეების მიხედვით, 2022 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა შემცირებულია 18%-ით წინა წლის შესაბამის თვეებთან მიმართებაში. ორგანიზაციის განცხადებით, კლება გამოიწვია შემცირებულმა მოსავალმა, რაც ძირითადად, უამინდობას უკავშირდება. როგორც წინა წლებში, წელსაც თხილის სწორად გაშრობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით ვლინდება უამინდობისას.
“ასევე, ექსპორტის შემცირება შეიძლება, გამოწვეული იყოს გადავადებული შესყიდვებით. როგორც წესი, დიდი რაოდენობით თხილი საექსპორტოდ წლის ბოლო თვეებში გადის. ძირითადად, შემსყიდველები მარაგებს ავსებენ ნოემბრის თვემდე. კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ბაზარზე შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესყიდვები გადავადდა და დეკემბერში მოსალოდნელია ექსპორტის ზრდა. შესაბამისად, 2022 წლის სრულ მონაცემებში შეიძლება განსხვავებული სურათი მივიღოთ”, - წერია კვლევაში.
TBC Capital-ის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქართული თხილის (როგორც ნაჭუჭიანი, ასევე - უნაჭუჭო) საექსპორტო ფასი სხვა მთავარ ექსპორტიორებთან შედარებით.
ადგილობრივ ფასებს დიდწილად განსაზღვრავს თხილის ფასი თურქეთში. 2021 წელს თხილის საექსპორტო ფასი შემცირდა თურქეთშიც და ექსპორტის ფასები მინიმუმამდე დაეცა 2021/2022 წლების სეზონის ბოლოს. თხილის დაბალ ფასს თურქეთის ბაზარზე რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია ბოლო პერიოდის განმავლობაში თხილზე შემცირებული მოთხოვნა, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
ასევე, ფასების შემცირება გამოიწვია თურქული თხილის წარმოების ზრდამ. 2022 წელს თურქეთში წარმოების დონე იყო 765,287 ტონა რაც 12%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. კიდევ ერთი მიზეზია გაუფასურებული ლირა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს თურქეთის საექსპორტო ფასებზე. თურქული თხილის ფასის შემცირების გარდა, ქართული თხილის საექსპორტო ფასზე ნეგატიურად მოქმედებს ქართული თხილის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები.