საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს. საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და დამატებითი შეზღუდვების თავიდან აცილებას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ასევე, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს.
„აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა, პირველ რიგში, სჭირდება. მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ - კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.




























