ჩინეთის მასშტაბით, Apple-ის App Store-დან სოციალური ქსელების - WhatsApp-ისა და Threads-ის აპლიკაციების გადმოწერა შესაძლებელი აღარ არის - Apple-ის განმარტებით, სოციალური ქსელები ციფრული ბაზრიდან ჩინეთის ინტერნეტის მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით, წაიშალა.
“ვალდებულები ვართ დავიცვათ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც ვმუშაობთ, მაშინაც კი, როდესაც მას არ ვეთანხმებით. ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ ბრძანება გასცა, რომლითაც ჩინეთს App Store-დან აპლიკაციების წაშლა მოგვთხოვა, ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველზე”, - განუცხადა Apple-ის წარმომადგენელმა CNN-ს.
აღსანიშნავია, რომ ორივე აპლიკაცია Meta-ს ეკუთვნის და არც ერთი მათგანით ჩინეთის მოსახლეობა აქტიურად არ სარგებლობს. გარდა ამისა, WhatsApp-ცა და Threads-იც ქვეყნის მასშთაბით დაბლოკილია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ვირტუალური ქსელების, VPN-ების გამოყენებით ხდება.
CNN-ის ინფორმაციით, სხვა სოციალური ქსელები, X (Twitter), Facebook, Instagram და Messenger - ჩინეთის აპლიკაციების მაღაზიაში კვლავ ხელმისაწვდომია.
ექსპერტები პეკინის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი უწყების ეს მოთხოვნა კიდევ უფრო ზრდის დისტანციას ერთმანეთისგან ისედაც დაშორებულ ტექნოლოგიურ სამყაროებს შორის.
“აპლიკაციების წაშლა შეაფერხებს ჩინეთში ბიზნესების ოპერირებასა და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ოჯახის წევრები, მეგობრები ან კლიენტები საზღვარგარეთ ჰყავთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი VPN-ს გამოიყენებენ, მოვა დრო, როდესაც აპლიკაციებს განახლება დასჭირდებათ, რასაც ვერ შეძლებენ”, - განმარტავს დუნკან კლარკი, BDA China-ს საინვესტიციო მრჩეველი.
CNN-ის თანახმად, ჩინეთში iPhone-ების გაყიდვები ეცემა - წლის პირველ კვარტალში სმარტფონების გაყიდვები 10%-ით შემცირდა, რასაც ხელი ჩინეთის ეკონომიკის გაუარესებამ და გაზრდილმა ადგილობრივმა კონკურენციამ შეუწყო.
ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთი Apple-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ბაზრად რჩება, რადგან ის, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე დიდია. კომპანია ცდილობს, ქვეყნის მასშტაბით გაყიდვები ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით გაზარდოს.