მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მ ჩრდილოეთ კორეა აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩია

648705d0edecf
BM.GE
12.06.23 15:44
648
მკვლევარი მარტინ კულიპი Washington Times-ში სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. მისი თქმით, ჯანმომ დაკარგა საღი აზრი, რაზეც ორგანიზაციის არარაციონალური ქმედებები მეტყველებს.

2023 წლის მაისის ბოლოს მსოფლიო ჯანდაცვის 76-ე ასამბლეა გაიმართა, სადაც ჩრდილოეთ კორეა ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. “წარმოუდგენელია, როგორც შეიძლებოდა კიმ ჩენ ინის პოლიტიკა მისაღები ყოფილიყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის”, - აღნიშნავს მარტინ კულიპი და განმარტავს, რომ ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან და გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის დიქტატორული რეჟიმისთვის დაწესებული სანქციებისათვის.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის მიერ მიღებულ პირველ არარაციონალურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს.

მარტინ კულიპი წერს, რომ 29 მაისს ტედროს გებრეისუსი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სალაგეის შეხვდა რათა “რუსეთის მთავრობის მიერ დედათა და შვილთა ჯანდაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელებული ინიციატივების ეფექტურობის” შესახებ ემსჯელათ.

“იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინაში ბომბავს საავადმყოფოებსა და სამშობიაროებს, იტაცებს ბავშვებს მშობლებისგან... ის ჯანმოს გენერალური დირექტორის ქებას იმსახურებს ბავშვების კეთილდღეობისკენ მიმართული ჯანდაცვის ინიციატივების გატარების გამო, რაც წარმოუდგენელი აბსურდია”, - წერს მარტინ კულიპი.

მიუხედავად მრავალი შეცდომისა - იქნებოდა ეს კოვიდ პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებების არაეფექტურობა, ზიმბაბვეს დიქტატორის, რობერტ მუგაბეს კეთილი ნების ელჩად არჩევა, თუ სხვა. ტედროსი წინა წლის მაისში მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს გენერალურ დირექტორად.

ჯანმოს გადაწყვეტილებების არასწორი ორიენტირები კი მსოფლიო ჯანდაცვას საფრთხის ქვეშ აყენებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც კოვიდის შემთხვევები ჩინეთის გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ჯანმომ არა მხოლოდ დააგვიანა საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება, არამედ მისი ყურადღების მთავარ ობიექტს ელ. სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

როგორც ისტორია გვაჩვენებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ჯანმოს პრიორიტეტები აცდენილია რეალობას. 2014 წელს, აფრიკაში ებოლას სწრაფი გავრცელების პერიოდში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩანი, ებოლასთან ბრძოლის შესახებ კონფერენციის ჩატარების ნაცვლად რუსეთში გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით. აღსანიშნავია ისიც, რომ სულ რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც რუსეთმა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო უკრაინის თავზე, მიუხედავად ამისა, ჩანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა და სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ელ. სიგარეტების მოხმარების აკრძალვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ამასთან, ჩანი უძღვებოდა თურქმენეთში გამართულ გლობალურ შეხვედრას, სადაც, სავარაუდოდ, მან 2016 წელს ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვებზე რადიკალურად მკაცრი აკრძალვების დაწესების გამო ჯილდო გადასცა ქვეყნის დიქტატორს, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს.

აღსანიშნავია, რომ Himan Rights Watch-ის განცხადებით, თურქმენეთი არის “მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჩაგვრელი და დახურული ქვეყანა”, რომელიც ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას, აწამებს პოლიტპატიმრებს და “მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მედიის თავისუფლების მაჩვენებლით” ხასიათდება. ამასთან, თურქმენეთის მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდის ვაქცინით აცრაზე უარს იტყოდა, დაჭერით ემუქრებოდა.

თურქმენეთის მთავრობის ქმედებების მიუხედავად, ჯანმომ მათ კოვიდ პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინიციატივებისთვის ჯილდო გადასცა.

როგორც მარტინ კულიპი ამბობს, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოლიტიკური რეალობის გათვალისწინება. თუმცა, დღეს ჯანმოს არ გააჩნია პოლიტიკური ორიენტირი, ის მხარს უჭერს მსოფლიოში მკაცრად გაკრიტიკებულ მთავრობებს და არ ითვალისწინებს მათი ქმედებების საფრთხესა თუ ზიანს.

“აშშ ჯანმოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია, ეს კი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ჯანმო გააგრძელებს ბანანის რესპუბლიკის მსგავსად ფუნქციონირებას და არ დაიბრუნებს პატივსაცემი გლობალური ინსტიტუტის რეპუტაციას”, - წერს კულიპი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები