Wizz Air-ი ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს დაუდასტურეს.
კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ი 14 დღის განმავლობაში, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის მგზავრები, რომლებსაც ფრენები სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ დაჯავშნილი, დეტალურ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ ინდივიდუალურად მიიღებენ.
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან ოპერირებს და ამჟამად ფრენებს 12 ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს. 2022 წლის 1 აგვისტოდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ავიახომალდს განათავსებს და პირდაპირ, რეგულარულ ავიამიმოსვლებს პარიზისა და ტალინის მიმართულებითაც განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.




























