მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის I ნახევარში საქართველო რეკორდული რაოდენობის ტრაილერმა გადაკვეთა

62e29478b74b8
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.22 18:50
4153
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველო რეკორდული რაოდენობის სატრანზიტო ტრაილერებმა გადაკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტოროა 209 ათასმა ტრაილერმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 51 ათასი ტრაილერით მეტია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ყოველდღიურად 1,150-ზე მეტი ტრაილერი კვეთდა.

საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

ჯამში, იანვარ-ივნისში ბიუჯეტმა ტრანზიტული ტვირთებიდან 41.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.

საფასურის ზრდის შედეგად, 2022 წელს საერთაშორისო ტრანზიტის შემოსავალი 90 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს, 2023 წლისთვის კი ის სავარაუდოდ 150 მილიონ ლარს მიაღწევს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით გზათსარგებლობის საფასურის გაზრდით სახელმწიფო დამატებითი შემოსავლის მობილიზებას შეძლებს.

“ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები