მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველი ნახევარი: კავკასიის ეკონომიკების მიმოხილვა

62e93e93baa7b
ეგნატე შამუგია
02.08.22 19:56
3509
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. პანდემიის პირველ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. ეკონომიკის მკვეთრი კლება მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი ნეგატიური შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ არასახარბიელოა.
 
კავკასიის ეკონომიკის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ პანდემიის მეორე წლიდან დაიწყო. 2021 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით გადააჭარბა. ამ რეგიონის ეკონომიკის აღდგენა კი, დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს. საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩეოდა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. ეკონომიკის აღდგენის ასეთი ტემპი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. აღდგენის მაღალი ტემპი წლის პირველ თვეებში გამოჩნდა, როცა იანვარსა და თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 18.0% და 14.6%-ებით გაიზარდა. „დიდი ჩაკეტვამდე“ პერიოდთან შედარებით, 4.4% და 6.9%-ებიანი ზრდა იყო. მომდევნო თვეებში ზრდის ტემპი შენელდა. აპრილში ეკონომიკის ზრდის ნიშნულმა 2.6% შეადგინა, ხოლო მაისში 11.6% იყო. ივნისში ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ზრდის მაჩვენებელი 10.6%-ია. ამდენად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე პერიოდს 16.2%-ით აღემატება.

საქართველოს შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის ტემპით გამორჩეული აზერბაიჯანი იყო, რადგან 2021 წელს ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 6.8%-ით იყო გაზრდილი, რაც უკვე წლის პირველი ოთხი და ხუთი თვე 7.2%-იან ნიშნულს იკავებდა. იანვარ-მარტში რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატებოდა, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდა უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, ამ პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკა 6.2%-ითაა გაზრდილი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 2.1% იყო.

ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების შემთხვევაში უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე აზერბაიჯანის. საქართველოსა და სომხეთში დომინანტური მომსახურება და ტურიზმის სექტორია. მთავრობის შეზღუდვები კი პირდაპირ აღნიშნულ სექტორებს ეხებოდა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. მიმდინარე წლის მარტში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 6.7% იყო, ხოლო პირველ კვარტლის ზრდის მაჩვენებელი კი - 9.6%, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდა იყო. მაისში სომხეთის ეკონომიკის 13.0%-იანი ზრდა იყო, რაც ივნისში 18.5%-ს აღწევდა. ამდენად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სომხეთის ზრდის მაჩვენებელი 11.8%-ია, რაც 2021 წლის ანალოგიურ პირველ ნახევარში 5.0% იყო.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის ტემპი პოზიტიური იყო, რაც სომხეთის შემთხვევაში საკმაოდ არასახარბიელო. თუმცა, მიმდინარე წელი სამივე ქვეყნისთვის უკეთესად დაიწყო, რაც მალევე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიან ომმა მკვეთრად შეცვალა. მდგომარეობა საქართველო და სომხეთისთვის გაუარესდა, მაგრამ აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობსა და გაზზე მასშტაბურად გაზრდილმა ფასებმა ნაწილობრივ დააკომპენსირა. ომის დაწყებიდან ნავთობი ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაში შემოსავლების გენერირების უმნიშვნელოვანესი წყაროა. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სურათი განსხვავებული ჩანს.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მომდევნო წლისთვისაც 5.5%-ითაა პროგნოზირებული. უახლესი პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა გაუმჯობესებულია, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანის გაუარესებული. ივნისში მსოფლიო ბანკმა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა. მიმდინარე წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკის 2.7%-ითაა მოსალოდნელი, ხოლო 2023 წელს კი - 2.2%-ით. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. რაც შეეხება მომდევნო წელს - 2023 წელს სომხეთის ეკონომიკის 2.3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები