მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის აგარაკები ოთხმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა - ვინ არიან მფლობელები

6241c63dd32c1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 18:50
10296
სახელმწიფომ წყნეთში მდებარე ქონება, რომელიც სამთავრობო აგარაკების სახელით არის ცნობილი აუქციონის წესით ჯამში 7.030 მლნ ლარად გაყიდა.

როგორც BM.GE-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული ქონების სააგენტოდან აცნობეს, აუქციონზე გამოტანილი 5 შენობა-ნაგებობისა და მათ მიმდებარედ არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელები ფიზიკური პირები არიან.

აღსანიშნია, რომ თითოეულ ობიექტზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოაცხადა და დღემდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონება რამდენიმე წუთის წინ გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორი შენობა-ნაგებობა, რომლის საერთო ფართობი 1 641 კვ.მ-ია, ჯამში 2.515 მლნ ლარად ფიზიკურმა პირმა გოგა შერმაზანაშვილმა შეიძინა;

820 კვ.მ-ზე განთავსებული ობიექტი აუქციონში 977 ათასი ლარის შეთავაზებით 1 ბიჯით ფიზიკურმა პირმა ეკატერინე მაღლაკელიძემ იყიდა;

702 კვ.მ-ის ფართობის ქონება და მასზე არსებული შენობა ნაგებობა ფიზიკურმა პირმა ზაალ ჭანტურიამ 1.036 მლნ ლარად შეიძინა;

819 კვ.მ-ის ფართობის ქონება კი 2.502 მლნ ლარის შეთავაზებით, ასევე ფიზიკურმა პირმა შორენა ჯვარიძემ შეიძინა. აღნიშნულ აუქციონზე 764 ბიჯი გაკეთდა და ის 17:36 საათზე დასრულდა, ნაცვლად 17:00 საათისა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები პირობიან აუქციონზე 55.7 მლნ ლარად 2019 წელს გამოიტანა. 89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მფლობელს 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო. თუმცა მას შემდეგ, რაც აგარაკები ამ ფორმით ვერ გაიყიდა, საქართველოს მთავრობამ აგარაკების ცალკეულ ლოტებად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 14 მარტს გამოცხადებულ 5 აუქციონზე კი სახელმწიფო ქონება ყველანაირი პირობით 7 მლნ ლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები